აღმაშენებლის #60-ში წუხელ ხანძარი გაჩნდა. მისი ლოკალიზება 21 სახანძრო-სამაშველო ჯგუფის და 100 მეხანძრე-მაშველის მიერ რამდენიმე საათიანი მუშაობის შედეგად მოხერხდა.
როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე მამუკა ყირიმელმა განუცხადა, ხანძარი გავრცელებული იყო დაახლოებით 1500 კვ/მ ფართობზე.
„გამოცხადდა ხანძრის მაღალი ნომერი. მთლიანობაში მობილიზებული იყო 21 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, ასი მეხანძრე-მაშველი. ხანძრის ლოკალიზება მოხდა დროულად, დაშავებული არავინ არის", - განაცხადა ყირიმელმა.
თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი „მიხაილოვის საავადმყოფოს“ შენობას გაუჩნდა, თუმცა ჩუღურეთის რაიონის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძის განცხადებით, დაიწვა აღმაშენებლის #60-ში მდებარე ისტორიული შენობა.
„არც აღნიშნულ შენობაში და არც მიმდებარედ, ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოში“ ინციდენტის დროს არავინ იმყოფებოდა. სამწუხაროდ, ხანძარი გაუჩნდა ერთ-ერთ გამორჩეულ შენობას თბილისში, ეს არის ისტორიული ძეგლი. მობილიზებული იყო ქალაქის ყველა სამსახური და ხანძრის ჩაქრობა მოხერხდა. კარგი არის ის, რომ ამ შენობაში არავინ ცხოვრობდა, არც მიმდებარე შენობებში. მარცხნივ არის ფოლკლორის ეროვნული ცენტრი, მიმდებარედ, მეორე მხარეს კი ე.წ. „მიხაილოვის საავადმყოფო", - განაცხადა ჩიკვილაძემ.