აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა ”კრემლის სია” გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის თითქმის ყველა თანამდებობის პირი და მსხვილი მეწარმეები არიან შესული

აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა ”კრემლის სია” გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის თითქმის ყველა თანამდებობის პირი და მსხვილი მეწარმეები არიან შესული

აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა დღეს ე.წ. კრემლის სია გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის თითქმის ყველა თანამდებობის პირი და მსხვილი მეწარმეები არიან შესული, - ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება. სიაში სულ 114 პოლიტიკოსი და 96 ბიზნესმენია შეყვანილი.

გამოცემის ინფორმაციით, სიაში შეყვანა არ ნიშნავს, რომ აღნიშნული პირების მიმართ სანქციები უკვე ამოქმედდა, ეს შეიძლება მოგვიანებით მოხდეს, თუმცა ზოგიერთი მათგანი უკვე იმყოფება აშშ-ს სანქციების ქვეშ.

აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, სიაში შევიდნენ რუსეთის ფედერაციის მთავრობის წევრები და „რუსეთის მთავარი უწყებების“ სხვა ხელმძღვანელები. გარდა ამისა, აქვე არიან „სხვა პოლიტიკური ლიდერები“, მათ შორის რუსეთის სახელმწიფო დუმისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელობა, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს წევრები და სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელები. 

სიაში ასევე შესულია რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციის მთელი ხელმძღვანელობა: ადმინისტრაციის უფროსი ანტონ ვაინო, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეები ალექსეი გრომოვი და სერგეი კირიენკო, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეები მაგომედსალამ მაგომედოვი, ვლადიმერ ოსტროვენკო, დიმიტრი პესკოვი (რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი), საპრეზიდენტო პროტოკოლის უფროსი ვალდისლავ კიტაევი.
ასევე, სიაში შევიდნენ ე.წ. ოლიგარქები, რომლებშიც იგულისხმებიან რუსი მეწარმეები, რომელთა ქონება, „სანდო წყაროებზე დაყრდნობით“, სულ ცოტა მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.