მოსახლეობამ პოლიციისადმი ნდობა დაკარგა და საკმაოდ რთული ვითარებაა საზოგადოებასა და პოლიციას შორის

მოსახლეობამ პოლიციისადმი ნდობა დაკარგა და საკმაოდ რთული ვითარებაა საზოგადოებასა და პოლიციას შორის

თუკი კრიმინოგენური ვითარება არის გაუარესებული, არც მხოლოდ საკანონმდებლო ინიციატივები და არც მხოლოდ შს სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმა იქნება საკმარისი, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ შს სამინისტროს მიერ დღეს დაანონსებული, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის კომენტირებისას განუცხადა.

მისი შეფასებით, საჭიროა კომპლექსური მიდგომა მთელი ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის საზოგადოების აქტიური ჩართულობით.

”თუ უნდა დაიწყოს ეს ბრძოლა, რა საკვირველია უნდა მოწესრიგდეს საკანონმდებლო ბაზა. რა თქმა უნდა, აქ არ არის მხოლოდ ერთი მიმართულება საკმარისი, რადგან სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ პოლიციამ მოსახლეობის ნდობა დაკარგა და საკმაოდ რთული ვითარებაა საზოგადოებასა და პოლიციას შორის. უნდობლობის მუხტი საკმაოდ დიდია. თუ თვლიან, რომ ამ მიმართულებით აუცილებელია პოლიტიკის გამკაცრება და ალბათ აუცილებელია, მაშინ პირველ რიგში უნდა მოწესრიგდეს საკანონმდებლო ბაზა. მგონია, რომ ეს სწორი ნაბიჯია. ზოგადად, თუკი კრიმინოგენური ვითარება არის გაუარესებული და ამ კუთხით საკმაოდ დაძაბული ვითარებაა ამ მხრივ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, მხოლოდ საკანონმდებლო ინიციატივები არ არის საკმარისი და არც მარტო შს სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმა იქნება საკმარისი. აქ საჭიროა კომპლექსური მიდგომა მთელი ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის საზოგადოების აქტიური ჩართულობით”, - განაცხადა ძაბირაძემ.

პოლიტოლოგის შეფასებით, საჭიროა არა მხოლოდ შს სამინისტროს რეაგირება, არამედ მთლიანად ხელისუფლების, მთავრობის, პარლამენტის და საზოგადოების აქტიური ჩართულობა.

”თავის დროზე, როცა ”ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა, ეს პრობლემა თითქოს არ არსებობდა და შემდეგ, ნელ-ნელა დაიწყო ინფორმაციებმა გაჟღერება. მე არ ვიცი რამდენად მართალი იყო ინფორმაციები იმის შესახებ, რომ კანონიერი ქურდები ჩამოდიოდნენ და მიდიოდნენ ქვეყნიდან თავისუფლად, მაგრამ მე ვასუბრობ იმის მიხედვით, რაც ვრცელდებოდა. როგორც ჩანს, აქედან გამომდინარე, თანდათანობით მოხდა საზოგადოების დაჯერება, რომ სიტუაცია თანდათანობით ემორჩილებოდა ქურდულ სამყაროს, საკმაოდ რთული ვითარებაა ზოგადად. მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება პოლიციის მიმართ და ეს არის საკმაოდ დიდი საფრთხის შემცველი. ამიტომ საჭიროა არა მხოლოდ შს სამინისტროს რეაგირება, არამედ მთლიანად ხელისუფლების, მთავრობის, პარლამენტის და საზოგადოების აქტიური ჩართულობა. თუ ეს პროცესი გაგრძელდა, ამან შეიძლება უმართავ პროცესებამდე მიგვიყვანოს. ვგულისხმობ არა მხოლოდ კრიმინალური ვითარების გაუარესებას, არამედ ზოგადად, ქვეყანაში არასტაბილური ვითარების შექმნას, საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილეც, მობილიზებაც და საკანონმდებლო ბაზაც”, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს. როგორც შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უწყებას შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებული აქვს.

მისივე თქმით, საკანონმდებლო პაკეტი აღნიშნული მიმართულებით სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს აფართოებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ინტენსიურ ღონისძიებებს ქურდული სამყაროს წინააღმდეგ. ამ კუთხით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს აფართოებს. კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებები ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას, ქურდული შეკრების ორგანიზებას და ქურდული სამყაროს წევრისთვის, ასევე კანონიერი ქურდისთვის მიმართვას დანაშაულად აცხადებს და ასევე, ამკაცრებს სასჯელს ქურდული სამყაროს წევრისა და კანონიერი ქურდობისთვის. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი უახლოეს დღეებში იქნება წარდგენილი შესაბამის უწყებაში“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.