დონალდ ტრამპი უფრო მეტ დროს ატარებს გოლფის თამაშში, ვიდრე საგარეო საკითხებზე ფიქრით, თუმცა მის ირგვლივ არის ხალხი, ვინც საქართველოს მეგობარია

დონალდ ტრამპი უფრო მეტ დროს ატარებს გოლფის თამაშში, ვიდრე საგარეო საკითხებზე ფიქრით, თუმცა მის ირგვლივ არის ხალხი, ვინც საქართველოს მეგობარია

აშშ-ს ადმინისტრაციისგან იმგვარი მხარდაჭერის მიღება, როგორიც „ჯაველინის“ სისტემის მიწოდებაა, საქართველოსთვის მიღწევაა, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ პოლიტიკურ საკითხებში ამერიკელმა ექსპერტმა ლინკოლნ მიტჩელმა განუცხადა.

კითხვას, რით აიხსნება ასეთი შესამჩნევი სხვაობა ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციებს შორის საქართველოს მხარდაჭერის კუთხით, ლინკოლნ მიტჩელმა უპასუხა:

„უნდა გვესმოდეს, რომ ბარაკ ობამა აშშ-ს პრეზიდენტი გახდა იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს ლიდერი იყო ადამიანი, რომელიც რადიკალურად იქცეოდა. რა თქმა უნდა, ამან თავის დროს გავლენა მოახდინა ამერიკის ადმინისტრაციის პოლიტიკაზე“.

მისი თქმით, „მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის თეთრ სახლში, აშშ-ს კონგრესში საქართველოს მხარდაჭერა ძლიერია“.

„საქართველოს კონგრესში მხარდაჭერა აქვს როგორც „რესპუბლიკელების“, ასევე „დემოკრატების“ მხრიდან. მაგალითად, როდესაც „რესპუბლიკელი“ ბუში იყო აშშ-ს პრეზიდენტი, კონგრესში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მხურვალე მხარდამჭერი სენატორი და შემდეგ ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი იყო. აშშ-ს მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, გაერო-ში აშშ-ს ელჩი ნიკი ჰეილი, თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი, რომლებიც „რესპუბლიკური პარტიის“ საგარეო პოლიტიკის ძირითად წრეებს წარმოადგენენ, აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს და ამავდროულად, რუსეთთან მიმართებაში ხისტი პოზიცია აქვთ“, - განაცხადა მან.

ლინკოლნ მიტჩელმა ასევე აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით აშშ-ს პრეზიდენტს რთული ურთიერთობა აქვს რუსეთთან.

„ჩემი აზრით, ერთი მხრივ, საქართველომ ძალიან ჭკვიანურად ითამაშა აშშ-ს პრეზიდენტის რთულ ურთიერთობებზე რუსეთთან. ტრამპის ადმინისტრაციას სურს აჩვენოს, რომ რამენაირად გარეული არ არის რუსეთთან, ხოლო საქართველოს მხარდაჭერა ამის ერთ-ერთი საშუალებაა. ამ შექმნილი სიტუაციიდან საქართველომ სარგებელი მიიღო. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ჰყავს მეგობრები თეთრ სახლში. იცით, დონალდ ტრამპი უფრო მეტ დროს ატარებს გოლფის თამაშში, ვიდრე სერიოზულ საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე ფიქრში, თუმცა მის ირგვლივ არის ხალხი, ვინც საქართველოს მეგობარია“, - განაცხადა ლინკოლნ მიტჩელმა.

მან ასევე ისაუბრა აშშ-საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ „ეს ურთიერთობები კარდ მდგომარეობაშია“.

„დღეს აშშ და საქართველოს შორის კარგი ურთიერთობებია. ეს ურთიერთობები არ ეფუძნება პირად კავშირებს, იქნება ბიძინასა და ტრამპს შორის, თუ კვირიკაშვილსა და ტრამპს შორის. ეს ურთიერთობები ინსტიტუტების მუშაობას ეფუძნება ორივე მხრიდან“, - დასძინა ლინკოლნ მიტჩელმა.