მოხარული ვარ, რომ შევიძინე ახალი მეგობარი, ვიპოვე ადამიანი, რომელიც თავისი ქვეყნის პატრიოტია და დიდი მეგობარი საქართველოსი

მოხარული ვარ, რომ შევიძინე ახალი მეგობარი, ვიპოვე ადამიანი, რომელიც თავისი ქვეყნის პატრიოტია და დიდი მეგობარი საქართველოსი

ლიტვის მიერ კიდევ ერთხელ იქნა აღიარებული საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, - ამის შესახებ საქართველოს პერმიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლიტვის პრემიერ-მინისტრს საულიუს სკვერნელისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ მდგომარეობაზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების საჭიროებას.

„ლიტვასთან ჩვენ ძალზედ ახლო და მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს ევროინტეგრაციის კონტექსტში. ფასდაუდებელია ლიტვის წვლილი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში. უაღრესად მნიშვნელოვანია ლიტვის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა ნატო-ში ინტეგრაციის მიმართაც.

ლიტვის მიერ კიდევ ერთხელ იქნა აღიარებული საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ მდგომარეობაზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების საჭიროებას.

ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ბოლოდროინდელ ნაბიჯებზე. ასევე ვისაუბრეთ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის მიმართ გაძლიერებულ ეთნიკურ დისკრიმინაციაზე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევის საჭიროებაზე.

„აღინიშნა ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობა და მისიის მანდატის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განხორციელების აუცილებლობა.

მსურს, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ საქართველოს მთავრობა განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას. მსურს, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი დღევანდელი ვიზიტის სიმბოლიზმს და აღვნიშნო, რომ ქართველებისა და ლიტველების არაერთი თაობა გააერთიანა თავისუფლებისათვის ბრძოლამ. ჩვენმა ქვეყნებმა ერთმანეთის სახით ერთგული მეგობარი იპოვეს და მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ ამ მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცებას და გაძლიერებას.

ჩემი მხრიდან, მინდა დავამატო, რომ მოხარული ვარ, რომ შევიძინე ახალი მეგობარი, ვიპოვე ადამიანი, რომელიც არის თავისი ქვეყნის პატრიოტი და ძალიან დიდი მეგობარი საქართველოსი. მინდა ვუსურვო წარმატებები საქმიანობაში და კიდევ ერთხელ მივესალმო მის ვიზიტს საქართველოში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე.