ლიტვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების უდიდესი მხარდამჭერია, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით

ლიტვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების უდიდესი მხარდამჭერია, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ლიტველ კოლეგას საულიუს სკვერნელისს პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, ეკონომიკური კავშირების გაფართოებასა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ლიტვის პრემიერის ვიზიტის დატვირთვას გაუსვა ხაზი.

"ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ თბილისში. ეს ვიზიტი სიმბოლურია ორივე მხარისთვის, რამდენადაც ჩვენ აღვნიშნავთ რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავს. მოხარული ვართ, რომ გვაქვს ძალიან მაღალი დონის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები და ძალიან პოზიტიური დინამიკა. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება თბილისში. ლიტვა არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერი, რისთვისაც ჩვენ ძალიან დიდ მადლობას გიხდით", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ქართველ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა ლიტვის პრემიერმა.

"ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია", - აღნიშნა საულიუს სკვერნელისმა.