ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, პრეზიდენტის არჩევის წესში ცვლილებების განხორციელების საკითხზე უმრავლესობაში კონსულტაციები გაიმართება.
საქმე პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით - საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, პარლამენტის მიერ არჩევას ეხება, რომლის მიზანშეწონილობაზეც პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ უკვე ისაუბრა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” მდინარაძემ განუცხადა, კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის ჩასწორების საკითხზე მსჯელობა მიდის, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
დეპუტატის აზრით, სამართლებრივად სწორი და მართებული არ არის, პოლიტიკური თანამდებობის პირი პოლიტიკოსებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, ადმინისტრაციული არჩევნების შედეგად მიღებულმა თანამდებობის პირებმა ერთად აირჩიონ.
”ამ თემაზე მიდის კონსულტაციები და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. სესიაზე საერთო, გუნდის შიგნით საბოლოოდ შეჯერებული პოზიციით გამოვალთ. პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩევის საკითხი კონსტიტუციის ახალ რედაქციაში კომპრომისის, კონსენსუსის შედეგად ჩაიწერა. ამასთან დაკავშირებით გათვალისწინებული იყო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის აზრი, მაგრამ მსოფლიოში ამის პრეცედენტები ნაკლებად არსებობს. გარდა ამისა, როდესაც ჩვენ საარჩევნო კოლეგიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღეთ, მაშინ არ იყო გადაწყვეტილი შემდგომი 2018 წლის საპრეზიდეტო არჩევნები პირდაპირი თუ არაპირდაპირი წესით ჩატარდებოდა. ამიტომ ლეგიტიმაციის გასაზრდელად კოლეგიური ორგანოს შემოღების წინადადებას დავთანხმდით. ახლა, როცა პრეზიდენტს არაპირდაპირი წესით 2024 წლისთვის ვირჩევთ და პრეზიდენტი 2024 წლის მოწვევის პარლამენტმა უნდა აირჩიოს, გადავწყვიტეთ აღნიშნულ საკითხზე გუნდის შიგნით ვიმსჯელოთ. სასესიო კვირას პარლამენტის წინაშე საბოლოო გადაწყვეტილებით წარვდგებით”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” მამუკა მდინარაძემ.
ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვას პარლამენტი მომავალი კვირიდან იწყებს.