სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ბრალდებულებს 7 და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ბრალდებულებს 7 და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ჯგუფურად, დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით თაღლითობის მცდელობაში  ბრალდებულები  ვ.ბ.  და  გ.ხ.  დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის  კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად მოპოვებული მასალებით  დადასტურდა, რომ  2017 წლის  თებერვალი-აპრილის  პერიოდში,   დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა,  2016 წლის აგვისტოში  წვრთნებისას ზღვაში დაკარგული ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს გაუგზავნეს ყალბი ინფორმაციის შემცველი, თითქოსდა  ცოცხლად  გადარჩენილი  სამხედრო მოსამსახურის სახელით დაწერილი არაერთი წერილი, რომლითაც ამ უკანასკნელის პირადი საჭიროებისთვის, მოტყუებით ითხოვდნენ  39 000  აშშ დოლარის ჩარიცხვას საბანკო ანგარიშზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.ბ და გ.ხ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ვ.ბ-ს 7 წლით, ხოლო გ.ხ.-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

ამავე განაჩენით სასამართლომ მესამე ბრალდებული  ჯ.შ., რომელსაც ბრალი ასევე  19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, უდანაშაულოდ სცნო.

ბრალდების მხარე  განაჩენის მიღების შემდგომ, ჯ.შ.-ს მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს გაასაჩივრებს სააპელაციო წესით.