აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საკითხთზე ევროკავშირის პოზიციის შემუშავებისას უნგრეთმა ტექსტში დაბლოკა დებულება, რომელიც აშშ-ს ნაბიჯთან დაკავშირებით „სერიოზულ აღშფოთებას“ გამოხატავდა. ამის შესახებ გამოცემა Euobserver იუწყება.
უნგრეთის პოზიციის გამო აღნიშნული განცხადება არა ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის, არამედ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ფედერიკა მოგერინის სახელით გავრცელდა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ “ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი რეალისტური გზა არის ორი სახელმწიფოს ფორმულა, რომლის ფარგლებში იერუსალიმი როგორც ისრაელის, ასევე პალესტინის დედაქალაქი იქნება“.
გუშინ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა, ისრაელში აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანის პროცესი დაიწყოს.