პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე „დაზარალებულთა კვირეული“-ს ფარგლებში თემაზე - ,,არა ძალადობას“ გამარჯვებული ვიდეორგოლები გამოავლინეს

პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე „დაზარალებულთა კვირეული“-ს ფარგლებში თემაზე - ,,არა ძალადობას“ გამარჯვებული ვიდეორგოლები გამოავლინეს

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე „დაზარალებულთა კვირეული“-ს ფარგლებში საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ ოჯახში ძალადობის შესახებ გადაღებული ვიდეორგოლების ფინალური საკონკურსო ჩვენება გაიმართა.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ ღონისძიებაზე თემაზე  ,,არა ძალადობას“  მოსწავლეების მიერ გადაღებული გამარჯვებული ვიდეორგოლები გამოავლინეს. 

თემაზე ,,არა ძალადობას“ ვიდეორგოლების კონკურსი საჯარო სკოლებში პროექტ ,,საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში 2017 წლის  მარტში გამოცხადდა და მასში  საქართველოს მასშტაბით 307 საჯარო სკოლის  2279 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. 

ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა რაიონულმა პროკურატურებმა რაიონების საჯარო სკოლებში  კონკურსები  ჩაატარეს და  პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული ვიდეორგოლები გამოავლინეს. კონკურსის შედეგად პირველ ადგილზე გასული ვიდეორგოლები  ფინალში გადავიდა. საკონკურსო ფინალში სულ 186 მოსწავლის მონაწილეობით შექმნილი 20 ვიდეორგოლი გადავიდა. საფინალო ჩვენებაზე, რომელსაც ყველა კონკურსანტი ესწრებოდა, სკოლებმა  საკუთარი ვიდეორგოლები  თვითონ წარადგინეს.

ვიდეორგოლების ფინალურ საკონკურსო ჩვენებაზე წარმოდგენილი ვიდეორგოლები საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თავმჯდომარეობით სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა, რომლის  შემადგენლობაშიც შედიოდნენ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელი პირები, აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელი მაიკლ გრანტი, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა ფსიქოლოგი.

კონკურსზე საქართველოს მასშტაბით სამი გამარჯვებული ვიდეორგოლი გამოვლინდა. პირველი ადგილი რუსთავის 28-ე საჯარო სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლა გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ხობის პირველმა და ბათუმის მე-2 საჯარო სკოლებმა გაინაწილეს. საქართველოს მთავარმა პროკურორმა კონკურსში გამარჯვებულები სპეციალური ჯილდოებით დააჯილდოვა. ასევე, საჯარო სკოლებს, რომელთა შექმნილმა ვიდეორგოლებმა კონკურსში გაიმარჯვეს, საჩუქრად ვიდეოკამერა, მუსიკალური ცენტრი და ფოტოაპარატი, ხოლო  მოსწავლეებს საქართველოს პროკურატურის ლოგოიანი საჩუქრები გადაეცათ.

საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში კონკურსის ფინანსური მხარდაჭერისთვის.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, 2017 წლის 27 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით  „დაზარალებულთა კვირეული“ იმართება.  კვირეულის ფარგლებში თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში  არაერთი ღონისძიება განხორციელდება, მათ შორის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან, სტუდენტებთან და მოსახლეობასთან.