ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა კერსტინ ლუნდგრენმა და ტიტუს კორლეტანმა საქართველოში 20-22 ნოემბერს განხორციელებული ვიზიტის შედეგები შეაჯამეს.
კერძოდ, მათ ისაუბრეს საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე. თანამომხსენებლებმა კვლავ დააფიქსირეს თავიანთი აღშფოთება ჟურნალისტის გატაცებასთან დაკავშირებით.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მათ ინფორმაცია მიიღეს მთავარი პროკურატურის მიერ ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით თანამომხსენებლები განსაკუთრებით აღშფოთებულნი არიან საქართველოში აზერბაიჯანიდან დევნილის სტატუსის მიღების მსურველი პირების შევიწროებით აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირების მხრიდან.
„საქართველო აქამდე სამართლიანად ითვლებოდა უსაფრთხო ქვეყნად სხვა ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებელი პირებისთვის, რომლებიც თავიანთი შეხედულებებისა და აზრების გამო იდევნებიან. შესაბამისად, ხელისუფლებამ სრულად უნდა გამოიძიოს ეს საქმე და დაუყოვნებლივ მოუღოს ბოლო საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქეების შევიწროებას“, - განაცხადეს თანამომხსენებლებმა.