საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ანაკლიის პროექტის კონსტიტუციაში ასახვა მთავრობის პრინციპული პოზიციის გათვალისწინებით მოხდა.
ქუთაისში, პარლამენტის მიერ ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე გამოითქვა შენიშვნა კონსტიტუციაში ისეთი კონკრეტიკის შესახებ, როგორიცაა ანაკლიის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სტატუსის განსაზღვა.
„ამ პუნქტთან დაკავშირებით გვქონდა მსჯელობა მთავრობასთან ერთად. მთავრობის ინიციატივა იყო ამ პუნქტის დამატება კონსტიტუციის ახალ რედაქციაში და მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ანაკლიის მოხსენება, გამომდინარე ამ პროექტის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან. ეს იყო მთავრობის პოზიცია, რომელიც ჩვენ გავიზიარეთ. თქვენი არგუმენტი აბსოლუტურად მესმის. გვქონდა ძალიან სერიოზული და ხანგრძლივი დისკუსია ამასთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო ჯამში, გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობას ძალიან პრინციპული პოზიცია ჰქონდა უშუალოდ ამ პროექტის ასახვასთან დაკავშირებით, ამიტომ გავიზიარეთ ეს მოსაზრება“, - განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის მიერ მიღებულ ახალი რედაქციის კონსტიტუციაში წერია, რომ ორგანული კანონით ანაკლიაში იქმნება განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა, სადაც სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი ვრცელდება. ჯერ კიდევ მოქმედ კონსტიტუციაში არის ჩანაწერი ლაზიკასთან დაკავშირებით.