თუ სამინისტროების შემცირების შედეგად ის საქმე, რაც გასაკეთებელი იყო, არ გაკეთდა, მაშინ შემცირება ხარვეზიანი იქნება

თუ სამინისტროების შემცირების შედეგად ის საქმე, რაც გასაკეთებელი იყო, არ გაკეთდა, მაშინ შემცირება ხარვეზიანი იქნება

დიდი ბიუროკრატია თავის თავს აპაუზებს და საქმის კეთებას ხელს უშლის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ დაგეგმილი სამთავრობო ცვლილებების კომენტირებისას განუცხადა. 

რამაზ საყვარელიძის თქმით, სტრუქტურულ ცვლილებებზე ყველა ხელისუფლების დროს არის საუბარი. 

„როცა ვამბობთ, რომ ევროპული სტანდარტებით გვინდა განვვითარდეთ, ერთ-ერთი დასავლური სტანდარტი ისიც არის, რომ სამინისტროები მინიმალურია, შესაბამისად, ხარჯები და ბიუროკრატიაც მინიმალურია. ამის განხორციელება ყოველთვის გვიჭირს. ამ სირთულეს აქვს თავისი სუბიექტური მომენტები, არიან დაინტერესებული ადამიანები, ვინც იბრძვიან არსებული სამინისტროების შენარჩუნებისთვის და ობიექტური - იმისთვის, რომ შეამცირო სამინისტრო, უნდა იყოს საფუძველი იმისა, რომ იმ საქმეს ვიღაც სხვა გააკეთებს, ანუ კერძო სექტორი. კერძო სექტორის განუვითარებლობა დიდხანს უშლიდა ხელს ასეთ ცვლილებებს. ახლა არის თუ არა კერძო სექტორი მზად იმისთვის, რომ შემცირდეს სამინისტროების რიცხვი და გასაკეთებელი სამუშაო დიდწილად თავის თავზე აიღოს, არ ვიცი, თორემ თუ შემცირება მოხდა იმის ხარჯზე, რომ ის საქმე, რაც გასაკეთებელი იყო, არ გაკეთდა, მაშინ შემცირება, რა თქმა უნდა, ხარვეზიანი იქნება, თორემ თავისთავად, სამინისტროები რომ შესამცირებელია, ამას ბიუჯეტიც გვიჩვენებს - უზარმაზარი თანხა იხარჯება და დახარჯულ სახსრებს შედეგი არ შეესაბამება. დიდი ბიუროკრატია თავის თავს აპაუზებს და საქმის კეთებას უშლის ხელს. თუ ეს არის ყველაფერი გათვალისწინებულია, მსგავსი ცვლილებები მისასალმებელია, მაგრამ ოპტიმიზმი ნაკლებად არის“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ამასთან, რამაზ საყვარელიძისთვის გასაკვირია, რომ ალექსანდრე ჯეჯელავას განათლების მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების საკითხი ამ დრომდე არ დადგა დღის წესრიგში. ასევე, ლოგიკურად მიიჩნევს ის შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის მიერ პოსტის შესაძლო დატოვებას.

„მე გამიკვირდა, რომ აქამდე არ დაისვა ჯეჯელავას საკითხი და კიდევ უფრო გამიკვირდება, თუ ახლაც უბრალოდ ჭორი აღმოჩნდება. ჯეჯელავამ პრაქტიკულად სასაცილო გახადა მინისტრთა კაბინეტი. განათლების მინისტრი პირველად რომ კომბლეს შეუტევს და მერე ვაშლებზე ალაპარაკდება და ამ დროს ჩავარდნებია მასწავლებელთა დახელოვნების ხაზით, მოწაფეთა მოსწრების ხაზით და ა.შ., ასეთი მინისტრი უფრო ადრე უნდა გამხდარიყო მსჯელობის საგანი. რაც შეეხება მღებრიშვილს, აქ რამდენიმე ხაზი გამოიკვეთა - გამოუძიებელ საქმეთა დიდი რაოდენობა, გახშირებული დარღვევები ადამიანის უფლებების მიმართულებით. ამ მხრივ, ეს ვერსია გასაკვირი არ არის. ის, რომ გახარიას გაუშვებენ შს სამინისტროში, შეიძლება იმითაც არის განპირობებული, რომ როცა სისტემა მნიშვნელოვნად არის შესაცვლელი, ახალი ფიგურა სჯობს. ეკონომისტი იქნებოდა ის თუ მიწათმოქმედი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ამ შემთხვევაზე მენეჯერობაზე არის აქცენტი. კარგმა მენეჯერმა უნდა მოახერხოს მართვა“, - განაცხადა საყვარელიძემ.