ოზურგეთის 43-ე საუბნო საარჩევნო ტერიტორიაზე მომხდარ ინცინდენტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, საარჩევნო უბანთან მათი წარმომადგენელი კანონის დაცვით იმყოფებოდა, თუმცა მასზე აგრესიულად ხელის შეშლა განხორციელდა. დეპუტატის თქმით, ფაქტზე შესაბამისი ღონისძებები გატარდება.
„ოზურგეთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დილიდან ამომრჩეველთან აქტივობა მაღალია. რაც შეეხება 43-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ შემთხვევას, აქ ჩვენს წარმომადგენლებთან ჯერჯერობით დაუდგენელი პირი მივიდა, რომელმაც აგრესიით სცადა ხელის შეშლა კანონით დადგენილი ნებადართული საქმიანობის განხორციელებაში. ბუნებრივია, ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ინფორმაცია. ეს პროცესი საარჩევნო უბანზე ხელს ვერ შეუშის. ამ შეკითხვებს კი შესაბამისი სამსახურების მხრიდან პასუხები გაეცემა“,- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების" წარმომადგენლის, ფიქრია მამარდაშვილის განცხადებით, ოზურგეთში 43-ე საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა სიებს კონკრეტული პირები ადგენენ. ამის გამო მან პატრული გამოიძახა.