საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა უკრაინის ვიცე-პრემიერთან ივანა კლიმპუშ-ცინცაძესთან

საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა უკრაინის ვიცე-პრემიერთან ივანა კლიმპუშ-ცინცაძესთან

 10 ნოემბერს შედგა საქართველოს პარლამენტის უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის შეხვედრა უკრაინის ვიცე-პრემიერთან ევროატლანტიკური და ევროინტეგრაციის საკითხებში, ივანა კლიმპუშ-ცინცაძესთან.

საქართველოს პარლამენტს წარმოადგენდნენ: დეპუტატები კახაბერ კუჭავა, ირინა ფრუიძე, გელა სამხარაული, დავით მათიკაშვილი გოგი მეშველიანი და მე, როგორც უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე და საელჩოს უფროსი მრჩეველი ჯემალ გოგიტიძე.

ქალბატონი კლიმპუშ-ცინცაძე მიესალმა ქართულ დელეგაციას და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს მოხდა ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ინტენსიფიკაცია, რისი დასტურიცაა უკრაინის პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის მაღალი ვიზიტები საქართველოში.

„უკრაინის მხარე დიდ იმედებს ამყარებს პრემიერ-მინისტრ ვოლოდიმერ გროისმანის საქართველოში ვიზიტზე, რომელიც ა.წ. 26-28 ნოემბერსაა დაგეგმილი. ჩვენ მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს პოლიტიკურ, კულტურულ და ტურიზმის სფეროებში, მაგრამ ამავე დროს უნდა მეტი ყურადღება მივაქციოთ ეკონომიკურ თანამშრომლობას და უზრუნველვყოთ უფრო დიდი საქონელბრუნვა ჩვენს სახელმწიფოებს შორის" - აღნიშნა კლიმპუშ-ცინცაძემ.

განვიხილეთ ევროინტეგრაციის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, აგრეთვე შევნხმდითთ უფრო მჭიდრო კოორდინაციაზე საერთაშორისო ორგანიზაციებში, რათა გაძლიერდეს ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე მეზობლების მიმართ მისი აგრესიული პოლიტიკის გამო.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გამავალი ფრონტის ხაზი, ამავე დროს საქართველოს ფრონტის ხაზიცაა. ქართველები, რომლებიც უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაიღუპნენ, საქართველოს მომავლისთვისაც დაიღუპნენ.

ივანა კლიმპუშ-ცინაცაძემ მოიწონა საქართველო-უკრაინის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ინიციატივა ორივე ქვეყანაში დაღუპულ მებრძოლთა იდენტური მემორიალების დადგმის შესახებ. „ეს ერთნაირი ძეგლები მიეძღვნება ქართველებს, რომლებიც უკრაინისთვის დაიღუპნენ და უკრაინელებს, რომლებმაც საქართველოსთვის გასწირეს თავი" - დასძინა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

საქართველოს ელჩმა უკრაინაში გელა დუმბაძემ მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარეს გასულ ზაფხულს ტყის ხანძრების ჩაქრობაში უკრაინის მიერ გაწეული დახმარებისთვის. ქალბატონმა კლიმპუშ-ცინცაძემ, თავის მხრივ, კმაყოფილება გამოთქვა ქართული მხარის მიერ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ბავშვებისთვის საქართველოში დასასვენებლად მიღების გამო, აგრეთვე კონფლიქტის ზონაში დაჭრილი უკრაინელი სამხედროების საქართელოში მკურნალობა-რეაბილიტაციის პროგრამისთვის.