შოთა შალელაშვილი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის შემცირების ინიციატივით გამოდის

შოთა შალელაშვილი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის შემცირების ინიციატივით გამოდის

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი შოთა შალელაშვილი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის შემცირების ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ შალელაშვილმა საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც  დეპუტატებმა ცნობად მიიღეს საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვის შესახებ ანგარიში, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

დეპუტატის თქმით, თუ საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის კვლავ 20%-ზე დარჩენა მოხერხდება, ეს ბიზნესს სამომავლო განვითარებას ძალიან გაუადვილებს.

"როგორც ჩანს, 2017 წელს ბიუჯეტში საგადასახადო გეგმა გადაჭარბებით შესრულდება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ 2018 წელს ჩვენ ნამატი თანხა გვექნება. ამ მეტი შემოსავლით რა თქმა უნდა, დეფიციტზე უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ აქ შეგვიძლია დავუკავშიროთ დაგროვებითი პენსიის სისტემას, ჩემი შეხედულებით დღეს უფრო აქტუალურია, რადგან საშემოსავლო გადასახადის 20-დან 24%-მდე ზრდა მოჰყვება, რაც ბიზნესისთვის დიდი ტვირთი იქნება. რადგან ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი მეტყველებს ჩვენი ეკონომიკის განვითარებაზე, ჩვენ ხომ არ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შემცირდეს 16-მდე და დარჩეს ისევ 20%-ზე, თუკი ეს შეიძლება, ეს ბიზნესს ძალიან გაუადვილებს სამომავლო განვითარებას", - აცხადებს შოთა შალელაშვილი.