12–13 ნოემბერს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

12–13 ნოემბერს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

12-13 ნოემბერს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს მცირე წვიმა შენარჩუნდება.

ხვალიდან დასავლეთ საქართველოში სამხრეთ–დასავლეთიდან თბილი ჰაერის მასების გავრცელება დაიწყება, რის გამოც ქვეყნის დასავლეთ ნაწილში დათბება. დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 17–23 გრადუსი იქნება; მთიან რაიონებში კი 14–19 გრადუსი; აღმოსავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 15–20 გრადუსია მოსალოდნელი.

13–14 ნოემბერს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე დროგამოშვებით აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე წამში 17–22 მ იქნება.

14 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული ცივი ჰაერის მასები გავრცელდება, რის გამოც ქვეყნის აღმოსავლეთ რაიონებში ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. აღმოსავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 11–16 გრადუსი იქნება, დასავლეთ საქართველოში – 20 გრადუსამდე.

რაც შეეხება თბილისს, 12–13 ნოემბერს მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 18–20 გრადუსი იქნება. 14 ნოემბერს, შესაძლოა იწვიმოს, რის გამოც ჰაერის ტემპერატურა დაიწევს და 13–15 გრადუსია მოსალოდნელი.

15–16 ნოემბერს კი საქართველოში კვლავ გამოიდარებს.