ზომიერი ისლამის ცნება დასავლეთს ეკუთვნის, ამ ტერმინის გამოყენების მიზანი ისლამის შესუსტებაა

ზომიერი ისლამის ცნება დასავლეთს ეკუთვნის, ამ ტერმინის გამოყენების მიზანი ისლამის შესუსტებაა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის პოზიცია ზომიერ ისლამთან დაკავშირებით გააკრიტიკა. მისი თქმით, ტერმინი ზომიერი ისლამი დასავლური სამყაროდან მოდის.

„ზომიერი ისლამის ცნება დასავლეთს ეკუთვნის. არ არსებობს ზომიერი ან არაზომიერი ისლამი. ისლამი მხოლოდ ერთია. ამ ტერმინის გამოყენების მიზანი ისლამის შესუსტებაა“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

სიტყვით გამოსვლაში თურქეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ საუდის არაბეთში ქალებს მანქანის ტარების უფლებას არ აძლევენ.

„ამბობენ, რომ ზომიერ ისლამს დაუბრუნდებიან, თუმცა ქალებს მანქანის ტარების უფლებას არ აძლევენ. ნუთუ ასეთი რამე არის ისლამში? ამ უფლებას მაშინ მისცემენ, როდესაც ზომიერ ისლამს დაუბრუნდებიან?“ - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ევროკავშირში „მუსლიმი ქალების დისკრიმინაცია“.

„ევროკავშირში კრძალავენ თავსაფრის ტარებას, რითაც ხელს უშლიან მუსლიმ ქალებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაერთონ. მუსლიმი ქალების სახლში დატუსაღების მცდელობა ვირუსივით ვრცელდება“, - დასძინა ერდოღანმა.