საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარესთან

საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარესთან

9 ნოემბერს შედგა საქართველოს პარლამენტის უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის შეხვედრა უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარესთან, ანდრიი პარუბიისთან. საქართველოს პარლამენტს წარმოადგენდნენ: უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი მოსიძე, ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე, დეპუტატები კახაბერ კუჭავა, ირინა ფრუიძე, გელა სამხარაული, დავით მათიკაშვილი და გოგი მეშველიანი. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე და საელჩოს უფროსი მრჩეველი ჯემალ გოგიტიძე.

უმაღლესი რადის თავმჯდომარემ ღრმა კმაყოფილება გამოთქვა წინა დღით ქართული დელეგაციის დონეცკის ოლქის ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ვიზიტის გამო. „საქართველო ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც ჩვენ საერთონ წარსული და მომავლის გამოწვევები გვაქვს. ორივე ქვეყანამ განიცადა რუსეთის აგრესია და იღწვის თავისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ჩვენ ერთობლივი ძალებით მივდივართ სტრატეგიული მიზნისკენ - ეს არის გაწევრიანება ნატო-სა და ევროკავშირში" - განაცხადა ანდრიი პარუბიიმ.

ქართულმა დელეგაციამ ბატონ პარუბიის გააცნო თავისი შთაბეჭდილებები ანტიტეროროისტული ოპერაციის ზონის მონახულების შესახებ. განსაკუთრებით აღინიშნა ე.წ. „რუხ ზონაში" განლაგებული დაბა შიროკინო, სადაც მანამდე არცერთი უცხოური დელეგაცია არ ჩასულა. „აზოვის ზღვის ნაპირზე განლაგებული ოდესღაც პოპულარული კურორტი ახლა სრულიად დაცარიელებული და განადგურებულია. ასეთი დასახლებული პუნქტები საქართველოშიც მრავალად გვაქვს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქართველომ და უკრაინამ უნდა გააერთიანონ ძალისხმევა, რათა გაძლიერდეს საერთაშორისო ზეწოლა აგრესორზე და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე" - აღნიშნა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა გიორგი მოსიძემ.

ბატონმა პარუბიიმ სტუმრებს გააცნო უკრაინაში მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმები საპენსიო, განათლების, ჯანდაცვის, სასამართლო სფეროში. განსაკუთრებით გამოყო მის მიერ ინიცირებული ცვლილებები უკრაინის საარჩევნო კოდექსში, რომელთა იდეაც ა.წ. მაისში საქართველოში ვიზიტის და ქართველ კოლეგებთან შეხვედრის დროს მოუვიდა. „საომარი სიტუაციის მიუხედავად, პარლამენტი მუშაობს, კანონები იხვეწება, ჩვენ არ გადავუხვევთ ევროინტეგრაციის გზას" - დასძინა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ.

მხარეებმა აგრეთვე მიმოიხილეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი კიევში, რომელიც 2018 წლის 17-19 იანვარსაა დაგეგმილი.