თუ ვინმეს აქვს წარმოდგენა, რომ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ბიუჯეტის შესავსებად შეიქმნა, ეს მათი აღქმის პრობლემაა, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ შრომით კანონმდებლობაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კანონპროექტის პარლამენტში შესვლამდე მისი განხილვა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან არაერთხელ მოხდა და მისი მიზანია როგორც ბიზნესის, ასევე დასაქმებულთა უფლებების დაცვა.
„კანონპროექტი ვიდრე პარლამენტში შევიდოდა, განვიხილეთ კერძო ბიზნესთან. ჩვენ ვეცადეთ ისეთი ფორმა გვენახა, რომელიც დაიცავდა დასაქმებულთა სიცოცხლის უფლებას და რომელიც ნაკლებ დამაზიანებელი იქნებოდა კერძო სექტორისთვის. თუ მათ რომელიმე წარმომადგენელს აქვს საფრთხე, რომ ეს ბიუჯეტის შესავსებად შეიქმნა, ეს მათი აღქმის პრობლემაა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისივე თქმით, ინდუსტრიების ჩამონათვალი, რომელზეც კანონით განსაზღვრული რეგულაციები გავრცელდება, სრულად 2019 წლიდან ამოქმედდება, ხოლო 2018 წელი იქნება გარდამავალი პერიოდი და შესაბამისად გამოიკვეთება მაღალი რისკის ინდუსტრიები.