რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს მიმდინარე წლის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის სამი კვარტალის შესრულების თაობაზე ინფორმაცია გააცნო და მაკროეკონომიკურ და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, ბიუჯეტის შემოსულობებზე და მისი ხარჯვითი ნაწილის პარამეტრებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2017 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით ეკონომიკურმა ზრდამ პროგნოზირებულ 4%-ის ნაცვლად, 4.7% შეადგინა, მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდილი მაჩვენებელი კი, ძირითადად ექსპორტიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან მიღებულმა შემოსავლებმა განაპირობა.
გიორგი კაკაურიძემ გადასახადების, გრანტების და სხვა შემოსავლების მაჩვენებლებზეც ისაუბრა და მათი მონაცემები პროცენტებში წარმოადგინა. კერძოდ, მიმდინარე წლის 9 თვეში შემოსულობები - 104.8%-ით, გადასახადების მობილიზება - 103.5%, გრანტების მაჩვენებელი - 164.8% და სხვა შემოსავლები 115% შესრულდა. რაც შეეხება ბიუჯეტის ათვისებას და მის ხარჯვით ნაწილს - ამ მიმართულებით შესრულების მაჩვენებელი 97.5%-ს შეადგენს. მინისტრის მოადგილემ კომიტეტს, დარგობრივი მიმართულებით, სახელმწიფო უწყებების მიერ ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებიც გააცნო და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან პარალელი გაავლო. გამოსვლის დასრულების შემდეგ გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.
კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით „საავტომობილო გზების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტიც განიხილეს. მთავრობის მიერ საკანონმდებლო წესით წარმოდგენილი კანონპროექტი კომიტეტის წევრებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სეთურიძემ მუხლობრივად გააცნო. კომიტეტის სხდომაზე განხილულ საკითხებზე პარლამენტის პლენარული სხდომა იმსჯელებს.