თუკი რუსეთს სავიზო რეჟიმის გაუქმების პოლიტიკური ნება აქვს, დიპლომატიური ურთიერთობათა არქონა ხელისშემშლელ ფაქტორს არ უნდა წარმოადგენდეს

თუკი რუსეთს სავიზო რეჟიმის გაუქმების პოლიტიკური ნება აქვს, დიპლომატიური ურთიერთობათა არქონა ხელისშემშლელ ფაქტორს არ უნდა წარმოადგენდეს

თუკი რუსეთს აქვს სურვილი და პოლიტიკური ნება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების, დიპლომატიური ურთიერთობათა არქონა ხელისშემშლელ ფაქტორს არ უნდა წარმოადგენდეს და ამაზე ჩვენი გამოცდილებაც მიუთითებს“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

აბაშიძის თქმით, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა უვიზოდ, ერთი წლის ვადით შეუძლიათ, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის კიდევ უფრო გამარტივება ან სრულიად გაუქმება რუსეთის მხარის პრეროგატივაა.

„საქართველომ ჯერ კიდევ 2011 წლიდან დაიწყო რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო მოთხოვნების გაუქმების პროცესი და ამჟამად მათ უვიზოდ ერთი წლის ვადით შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა და ქვეყანაში ყოფნა. ანალოგიური გადაწყვეტილება იქნა მიღებული რიგი სხვა ქვეყნების მოქალაქეთა მიმართაც, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდას. მიმდინარე წლის ბოლოსთვის რუსი ტურისტების რაოდენობა საქართველოში, სავარაუდოდ, 1 მილიონს გადააჭარბებს. 2016 წლიდან რუსეთმა გაამარტივა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის და თუკი ადრე მხოლოდ უახლოეს ნათესავს შეეძლო რუსეთიდან მოეწვია საქართველოს მოქალაქე, ამჟამად მოწვევის გამოსაგზავნად და ვიზის გასაფორმებლად ნათესაობრივი კავშირი აღარ წარმოადგენს აუცილებლობას. აღნიშნული სავიზო რეჟიმის კიდევ უფრო გამარტივება ან სრულად გაუქმება რუსეთის მხარის პრეროგატივაა. ამ თვალსაზრისით ჩვენ ვერ ვხედავთ აუცილებელ კავშირს სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმება ან გამარტივებასა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას შორის. თუკი რუსეთს აქვს სურვილი და პოლიტიკური ნება ამ რეჟიმის გაუქმების, დიპლომატიური ურთიერთობათა არქონა ხელისშემშლელ ფაქტორს არ უნდა წარმოადგენდეს და ამაზე ჩვენი გამოცდილებაც მიუთითებს“, - განაცხადა აბაშიძემ და დასძინა, რომ გასაგები მიზეზების გამო, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში არ გამორიცხა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება, თუმცა აღნიშნა, რომ ამისკენ სვლას დიპლომატიური ურთიერთობების არქონა უშლის ხელს.