საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, სეიდ ჯავად ყავამშაჰიდისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობას გაუსვეს ხაზი და ურთიერთობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყანა აქტიურად იმუშავებს ფინანსურ-ეკონომიკური, სამართალდაცვითი და საპარლამენტო თანამშრომლობის გასაღრმავებლად. ორმხრივი ურთიერთობების შესახებ საუბრისას, ელჩმა ყურადღება საქართველოს პარლამენტის როლზე გაამახვილა. მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს აქტიურობას განსაკუთრებული როლი ენიჭება ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა ისაუბრეს რეგიონში არსებული ვითარების შესახებაც და ხაზგასმით აღნიშნეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული ცვლილებებიც. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა რეფორმების მნიშვნელობა და პარლამენტის თავმჯდომარეს საკონსტიტუციო რეფორმის წარმატებით მიმდინარეობა მიულოცა.
საუბარი, ასევე, საქართველოში ირანიდან შემომავალი ტურისტების რაოდენობის დინამიურ ზრდას და ამ მიმართულებით თანამშრომლობას შეეხო.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს და ირანის ხალხთა შორის არსებული კეთილგანწყობილი და მეგობრული ურთიერთობა სამომავლო თანამშრომლობის მტკიცე საფუძველია.