ამ ადამიანმა საკმაოდ დიდხანს იარა თავისუფლებაზე და დღეს დადგა მომენტი, როცა მან პასუხი უნდა აგოს, - ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის გოგა ონიანისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.
კილაძე პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არავითარი პოლიტიკური სარჩული არ გააჩნია.
“როდესაც არის სასამართლოს გადაწყვეტილება, ყველანი სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დავემორჩილოთ – მოგვწონს ის თუ არა. ზოგადად, ამ ადამიანის მიმართ პირადად მე ძალიან დიდი ხანია მაქვს კითხვები. კადრები, რომელიც ვიხილეთ, თუ რას აკეთებდა ეს ადამიანი “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დროს, ჩემთვის გასაკვირი არ არის, რომ ის დააკავეს. ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ყველანი სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დავემორჩილოთ. ამ ადამიანმა საკმაოდ დიდხანს იარა თავისუფლებაზე და დღეს დადგა მომენტი, როცა პასუხი უნდა აგოს”, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.