იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ გიორგი მიქაუტაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ნინო გვენეტაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საბჭოს სხდომაზე დასმული შეკითხვები არ შეიძლება ნინო გვენეტაძეზე ძალადობის მცდელობად ჩაითვალოს.
„როდესაც ადამიანს ძალადობაში ადანაშაულებ, მინიმუმ ის უნდა თქვა, რომელი საქციელი ჩაითვალა ძალადობად. შეკითხვის დასმის მცდელობა, თუ შეიძლება, რომ ძალადობად ჩაითვალოს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო ძალადობა. მაგრამ ეს ამ ფორმატს არ გასცდენია. იყო აბსოლუტურად ჯანსაღი დიალოგი, იყო დასმული შეკითხვა, რომელზეც ველოდით პასუხის მიღებას. ეს ნამდვილად არ არის ძალადობა. ძალადობა არის ის, რომ ერთპიროვნულად მიიღო კოლეგიური ორგანოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება, ერთპიროვნულად გადაწყვიტო ისეთი საკითხები, რომელსაც წესით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა უთანხმებოდე და დატოვო სრულ გაურკვევლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მოსამართლეები მიღებულ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში – აი, ეს ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ძალადობის მცდელობად“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
კითხვაზე - საბჭოში მიმდინარე პროცესი შეიძლება თუ არა შეფასდეს, როგორც ძალთა გადანაწილების მცდელობა, მიქაუტაძემ აღნიშნა, რომ ამ განცხადების ავტორებმა უნდა დააკონკრეტონ, რას გულისხმობენ საბჭოს წევრების ძალაუფლების გამყარებაში. „ძალაუფების განაწილებაზე არ იყო საუბარი, არამედ საუბარი ეხებოდა შეკითხვებს, რომელიც თავმჯდომარის მიმართ არსებობს და ეს შეკითხვები სრულიად ლეგიტიმურია, იქნება თუ არა გადაწყვეტილება ხელმოწერილი. ასევე შეკითხვა იყო, რატომ მიიღო გადაწყვეტილება ერთპიროვნულად სამუშაო ჯგუფის მოწვევაზე“, – დასძინა მიქაუტაძემ.
მისივე თქმით, საბჭოს წევრები დაელოდებიან, მოაწერს თუ არა ნინო გვენეტაძე 34 მოსამართლის უვადოდ განწესებას ხელს და შემდგო ამის მიხედვით იმოქმედებენ.
„მე ვარ ძალადობის მსხვერპლი“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
როგორც ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, იუსტიციის საბჭოს წევრები ცდილობენ გააგრძელონ ხელების გადაგრეხვის პოლიტიკა და საბჭოს თავმჯდომარეს მიაღებინონ მისი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მთელი დღის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. თავდაპირველად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს უვადოდ არჩეული 34 მოსამართლის დანიშვნის გადაწყვეტილებაზე დაუპირისპირდნენ, ხოლო მოგვიანებით დამატებითი სხდომის ჩანიშვნის საკითხზე შეკამათდნენ.
ნინო გვენეტაძის განცხადებით, მსგავს რეჟიმში მუშაობის გაგრძელება აღარ შეუძლია და მის პოზიციებს საბჭოს წევრებს წერილობით გააცნობს.