შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ წარადგინა. მომხსენებელმა ძირითადი აქცენტი შავი ზღვის დაბინძურების თემაზე გააკეთა და იმ აქტივობებზეც ისაუბრა, რომელიც სხვადასხვა პროექტების ფარგლებში განხორციელდა. მან ძირითადად დაბინძურების მონიტორინგის თემაზე - დირექტივებსა და საერთაშორისო ვალდებულებებზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანას შავ ზღვასთან მიმართებაში აკისრია. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ბუქარესტის კონვენციაზე, რომელსაც საქართველო 1992 წელს შეუერთდა. მისი განმარტებით, შავი ზღვის ქვეყნებმა დაბინძურების დაცვის კონვენციას და მის თანდართულ პროტოკოლებს მოაწერეს ხელი, რომელიც ქვეყნებს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს. „კონვენციის ხედვა არის შემდეგი - უნდა მოხდეს შავი ზღვის უნიკალური და ძვირფასი ეკოსისტემის შენარჩუნება საზღვაო და სანაპირო რესურსების მდგრადი გამოყენებით და სანაპიროს ქვეყნების ეკონომიკური განვითარების, მოსახლეობის კეთილდღეობის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის ინტერესების დაცვის ინტერესების სრული გათვალისწინებით. ბუქარესტის კონვენციას აქვს მოქმედების არეალი - შავი ზღვა თუმცა, ის ასევე მოიცავს დაბინძურების სახმელეთო წყაროებსაც. კონვენციის მიხედვით ხარისხის მიზნები არის კომერციული საზღვაო სახეობების დაცვა, ზღვის ბიომრავალფეროვნების დაცვა და ადამიანის ჯანმრთელობის, რეკრეაციის და ზღვის ბიოლოგიური სახეობებისთვის ზღვის წყლის კარგი ხარისხის უზრუნველყოფა", - განაცხადა თამარ ბაგრატიამ. მისივე თქმით, ჩვენ ვდგევართ მეორე მოცემულობების წინაშე - რომელიც არის ასოცირების ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა დირექტივები.
„განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ საზღვაო და წყლის ჩარჩო-დირექტივაზე, რომელიც შავი ზღვის მიმართულებით ვალდებულებებს, გარკვეული ვადების გათვალისწინებით გვაკისრებს. ეს არის ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანოების დადგენა, საზღვაო სტრატეგიის შემუშავება, ზღვის წყლების წინასწარი შეფასება, კარგი გარემოს სტატუსის განსაზღვრა და გარემოსდაცვითი მიზნებისა და ინდიკატორების ჩამოყალიბება, მონიტორინგის პროგრამის ჩამოყალიბება, გარემოს კარგი მდგომარეობის მიღწევის მიზნით ღონისძიების პროგრამის მომზადება", - განაცხადა თამარ ბაგრატიამ. მისივე თქმით, დღეს შავი ზღვა თავისი ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით განიხილება როგორც ერთიანი ეკოსისტემა. შესაბამისად, შეფასება უნდა იყოს კომპლექსური, ყველა კომპონენტის გათვალისწინებით.
თამარ ბაგრატიამ ყურადღება გაამახვილა იმ სამუშაოების შესახებ, რომელიც სააგენტომ გასწია. მისი თქმით, ნაპირფორმირებასთან დაკავშირებით სააგენტომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღადგინა შავი ზღვის ნაპირების მონიტორინგი. „შავი ზღვის ნაპირების მონიტორინგის თვალსაზრისითაც იყო საკმაო წყვეტა. არ გვქონდა შესაბამისი ტექნოლოგიები, მეთოდოლოგიები და ფინანსები იმისთვის, რომ ხარისხიანი მონიტორინგი გვეწარმოებინა. დღეს ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, რომ ვეძებთ და ვნერგავთ ახალ მეთოდოლოგიას", - განაცხადა ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა. მისივე თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტო ახდენდა სინჯების აღებას საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში.
თამარ ბაგრატიას განმარტებით, ხანგრძლივი წყვეტის შემდეგ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „შავი ზღვის მონიტორინგის გაუმჯობესება" ფარგლებში შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში პირველად განხორციელდა კომპლექსური კვლევები. ჩატარდა გარემოს ქიმიური და ბიოლოგიური პარამეტრების ანალიზები შესაბამისი ფიზიკურ-ქიმიური და ჰიდროლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით.
„კვლევები განხორციელდა შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ შელფზე 15 სადგური, შავი ზღვაში ოდესიდან-ბათუმამდე 14 სადგური და შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში საქართველოს სანაპირო 15 სადგური. კვლევებმა და ექსპედიციებმა აჩვენა, რომ ზღვის წყლებში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაცია განისაზღვრა ზღვის წყალში, ფსკერულ დანალექში, თევზების სხეულში გაანალიზებული იქნა 2100-მდე დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაცია. შავ ზღვაში კვლევის დროს დამატებით განისაზღვრა 2041 სამიზნე ნივთიერების არსებობა. საქართველოს სანაპიროს გასწვრივ აღებულ წყლის სინჯებში დაფიქსირდა პესტიციდების მარალი კონცენტრაციები, რაც მიუთითებს ამ დამაბინძურებლის ადგილობრივი წყაროების არსებობას. ასევე, ამ სინჯებში განისაზღვრა მძიმე ლითონების შემცველობები", - განაცხადა მომხსენებელმა.
მისივე ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპიროს ბიოლოგიური მონიტორინგი მიმდინარეობდა წელიწადში 6-ჯერ. გასული წლიდან კი აღნიშნული მონიტორინგი პერმანენტული დაკვირვების სადგურზეც წარიმართება.
როგორც აღინიშნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც პროექტის ფარგლებში იქნა შესწავლილი არის ზღვის ძუძუმწოვრების მდგომარეობა.
მომხსენებელმა იმ პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც შავ ზღვაში მყარი ნარჩენების არსებობას გულისხმობს. მისივე თქმით, კარგ სიახლედ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ექსპედიციისას გამოიკვეთა ინვაზიური სახეობების რაოდენობრივი კლების ტენდენცია. ასევე, გამოიკვეთა, რომ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში კარგი ეკოლოგიური სტატუსის მაჩვენებელია. როგორც აღინიშნა, პროექტის ფარგლებში მოხდა შავი ზღვის წყალქვეშა სამყაროს შესწავლა და განხორციელდა წყალქვეშა გადაღებები.
სხდომაზე ყურადღება გამახვილდა იმ საერთაშორისო ექსპედიციაზე რომელშიც გარემოს ეროვნული სააგენტო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად იყო ჩართული. აღინიშნა რომ კვლევამ მოიცვა ის შრეები და სივრცეები, რომელშიც საქართველოს დაახლოებით 30 წელია კვლევები არ უწარმოებია. ასევე, როგორც აღინიშნა, ექსპედიციის ფარგლებში გაანალიზებული იქნა ის კომპონენტები, რომელთა კვლევა საქართველოში თითქმის არ განხორციელებულა.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მომხსენებელმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, რომელიც ზღვის დაბინძურების მიზეზებს, ძირითადი დამაბინძურებელი წყაროების შესახებ ზღვისპირა ქალაქებში არსებულ მდგომარეობას, მონიტორინგის სისტემას და ზღვის წყლის მდგომარეობის შესახებ მონაცემების მოძიებას და საზღვაო სეზონზე, მოსახლეობისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ეხებოდა.
ასევე, დაისვა კითხვა, თუ რამდენად ხდება აფხაზეთის ტერიტორიაზე ზღვის წყლის მდგომარეობის შეფასება.
დეპუტატები დაინტერესდნენ თუ რა კეთდება გემებიდან ნარჩენებისა და ბალასტური წყლების მიღების ვალდებულების თაობაზე.
კანონმდებლებმა მადლობა გადაუხადეს მომხსენებლებს საინტერესო ინფორმაციისთვის და შეთანხმდნენ, რომ მსგავსი შეხვედრა რამდენიმე თვეში კვლავ გაიმართება.