კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი ბელგიის პოლიციას ჩაბარდა. ამის შესახებ „RTBF“ იუწყება. „პუჩდემონმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ ჩვენს ჟურნალისტებს განუცხადა. ასევე ტელეკომპანია „TRV“-ს ინფორმაციით, ევროპული ორდერის შესაბამისად, ის ბელგიის პოლიციას ჩაბარდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
პუჩდემონთან ერთად, პოლიციას ჩაბარდა მისი ოთხი თანამებრძოლი, რომლებიც მას ბელგიაში თან ახლდნენ. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს კარლეს პუჩდემონსა და კატალონიის მთავრობის ოთხ ყოფილ წევრს, რომლებიც ამჟამად ბრიუსელში იმყოფებიან, უახლოეს საათებში ბელგიის პროკურატურა დააკავებს, - ამის შესახებ სააგენტო Europa Press ბელგიის პროკურატურაში წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა.
სააგენტოს ინფორმაციით, კარლეს პუჩდემონი და კატალონიის მთავრობის ოთხი ყოფილი წევრი მოსამართლის წინაშე წარდგებიან. პარასკევს, ესპანეთის ეროვნულმა სასამართლო კოლეგიამ კატალონიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის, კარლეს პუჩდემონის დაკავების ორდერი გასცა.