ლიბანის შიდა საქმეებში ირანის ჩარევის გამო ლიბანის პრემიერ-მინისტრის გადადგომამ საერთაშორისო საზოგადოება უნდა გამოაფხიზლოს და გააერთიანოს თეირანის მხრიდან მომავალი საფრთხის წინაშე, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„ლიბანის პრემიერ-მინისტრის საად ჰარირის გადადგომა და მისი განცხადება შემაშფოთებელი სიგნალია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ საჭიროა ზომების მიღება ირანის აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს სირია მეორე ლიბანად აქციოს. ეს აგრესია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ისრაელს, არამედ სრულიად ახლო აღმოსავლეთს. მსოფლიო უნდა გაერთიანდეს და დაუპირისპირდეს ამ აგრესიას“, - ნათქვამია ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაში.
გუშინ, ლიბანის პრემიერ-მინისტრმა საად ჰარირიმ ერ-რიადიდან განცხადება გააკეთა გადადგომის შესახებ. მისი თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. თავისი გადადგომის მთავარ მიზეზად მან ქვეყნის შიდა საქმეებში ირანისა და „ჰეზბოლას“ ჩარევა დაასახელა.