დაცვის მხარეს გვსურს, მეგის ქარდავა უკრაინაში დარჩეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინელმა ადვოკატმა, მიხეილ ლოტოცკიმ განუცხადა.
ადვოკატმა არ გამორიცხა, რომ ქარდავამ უკრაინას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვოს.
„ჩვენ, დაცვის მხარეს გვსურს, რომ ის უკრაინაში დარჩეს. რაც შეეხება პოლიტიკურ თავშესაფარს, ეს საკითხი მეგის ქარდავასთან არ განმიხილავს, თუმცა პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას არ გამოვრიცხავ“, - განაცხადა ქარდავას უკრაინელმა ადვოკატმა.
რაც შეეხება პროცედურებს, მიხეილ ლოტოცკის თქმით, მეგის ქარდავას 40 დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული და ამჟამად ივანო-ფრანკოვსკის იზოლატორში იმყოფება.
„საქართველოდან უნდა მოვიდეს ექსტრადირების მოთხოვნა. შემდეგ კვლავ გაიმართება სასამართლო, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ამჟამად მას 40 დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული და ივანო-ფრანკოვსკის იზოლატორში იმყოფება. მისი მდგომარეობა ნორმალურია. დაკავების დროს მასთან მიმართებაში ფიზიკური ძალა არ გამოუყენებიათ“, - აღნიშნა მიხეილ ლოტოცკიმ.