აფხაზეთში უკანონო მიგრაციის ორგანიზებაში საქართველოს სპეცსამსახურები არიან დაინტერესებული

აფხაზეთში უკანონო მიგრაციის ორგანიზებაში საქართველოს სპეცსამსახურები არიან დაინტერესებული

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, „საქართველოდან აფხაზეთში უკანონო მიგრაციის ორგანიზებაში საქართველოს სპეცსამსახურები არიან დაინტერესებული“. ე.წ. უსაფრთხოების სამსახური ამ განცხადებით, ადმინისტრაციულ საზღვარზე ეგვიპტის, სომალის, იემენის და სუდანის მოქალაქეების დაკავებას ეხმაურება.

„უკანონო მიგრაციის ეს არხი შესაძლოა ქართული სპეცსამსახურების მიერ ყოფილიყო გამოყენებული რუსეთისა და ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე ტერორისტების შესაგზავნად“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

24 ოქტომბერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურმა ადმინისტრაციულ საზღვარზე ეგვიპტის, სომალის, იემენის და სუდანის მოქალაქეები დააკავა.

ამჟამად, 15 დაკავებულს ამოწმებენ, აქვთ თუ არა მათ კავშირი საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან.

ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოსთან ერთად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გალის რაიონში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ეგვიპტეს შვიდი, სომალის - ორი, იემენის - სამი და სუდანის სამი მოქალაქე დააკავეს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ყველა დაკავებული იმ რეგიონიდან არის, სადაც სამხედრო ქმედებებს აქვს ადგილი და საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციები მოქმედებენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამოწმებს მათ კავშირებს ტერორისტულ ორგანიზაციებთან“, - ნათქვამია განცხადებაში.