გაერო-ში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმებზე მომუშავე მთავრობათაშორისი ჯგუფის თანათავმჯდომარედ დაინიშნა. ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიროსლავ ლაიჩაკის წერილში, რომლის ასლსაც კახა იმნაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ავრცელებს.
კახა იმნაძესთან ერთად, ჯგუფის თანათავმჯდომარედ გაერო-ში არაბთა გაერთიანებული საემიროების წარმომადგენელი ლანა ზაკი ნუსეიბეჰი დაინიშნა.
„მსურს მადლობა გადავუხადო ელჩებს იმნაძესა და ნუსეიბეჰს ამ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის მიღებისთვის და ეჭვი არ მეპარება, რომ თქვენ გექნებათ სრული მხარდაჭერა და თანამშრომლობა“, - ნათქვამია ლაიჩაკის წერილში.
„დიდი პატივია უშიშროების საბჭოს რეფორმებზე მომუშავე მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების თანათავმჯდომარედ დანიშვნა არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩ ლანა ნუსეიბეჰთან ერთად. ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას და ვაფასებ ნდობას. მექნება გამჭვირვალე და ინკლუზიური კონსულტაციები და ვიქნები ჩართული მოლაპარაკებებში ყველა წევრ სახელმწიფოსთან ამ მნიშვნელოვან პროცესში უკეთესი გაერო-სთვის“, - წერს კახა იმნაძე „ტვიტერში“.