აფხაზეთში სიტუაციის მოგვარებაში რუსეთის ეკლესიას განსაკუთრებული როლი მიუძღვის - ჩვენ რეალობას ვერსად გავექცევით

აფხაზეთში სიტუაციის მოგვარებაში რუსეთის ეკლესიას განსაკუთრებული როლი მიუძღვის - ჩვენ რეალობას ვერსად გავექცევით

არ შეიძლება თვალის დახუჭვა და თქმა, რომ ჩვენ რუსეთის ეკლესიას გვერდს ავუვლით და ამ საკითხს მოვაგვარებთ; უწმინდესი ყოველთვის ამბობდა და დღესაც ამ აზრზე ვრჩებით – გასაღები ამ საკითხების მოგვარებაში აქ უნდა ვეძებოთ და ამ ურთიერთობებში, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.

მამა მიქაელმა კომენტარი გააკეთა თეოლოგების განცხადებებზე საპატრიარქოში გუშინ გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით, სადაც რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობლივი კომისიის შექმნაზე კიდევ ერთხელ იყო საუბარი. აღნიშნულმა კომისიამ აფხაზეთში არსებული ვითარება უნდა შეისწავლოს და დაარეგულიროს.

პატრიარქის მდივნის განცხადებით, აფხაზეთის საკითხი განსახილველად რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებს შორის შეხვედრებზე მხოლოდ გუშინ არ დამდგარა.

მამა მიქაელის თქმით, რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს გუშინ შეახსენა მანამდე მოსკოვში პატრიარქებს შორის შემდგარი შეხვედრა, რომელზეც აღნიშნული კომისიის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

დეკანოზის განცხადებით, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ქართულმა მხარემაც გამოთქვა ასეთი კომისიის შექმნის ინიციატივაზე თანხმობა.

„მესმის თეოლოგების დამოკიდებულება საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ რეალობას ვერსად გავექცევით. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ კონფლიქტის მოგვარებაში განსაკუთრებული როლი მიუძღვის რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. მსგავსი მოლაპარაკებები ჩვენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთანაც გვაქვს. ამ საკითხების გადაწყვეტაში სხვა ეკლესიების ჩართულობასაც არ გამოვრიცხავთ, თუ, რა თქმა უნდა, ისინი რაიმე პოზიტიურ წვლილს შემოიტანენ. ასე რომ, კომისიების შექმნით, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და რატომ არის ამ ადამიანების დამოკიდებულება ასეთი, ამას ვერ ვხვდებით. აბა რა ვქნათ? დავხუჭოთ თვალი იმ რეალობაზე და არ გავითვალისწინოთ ის, რომ პრაქტიკულად საქართველოს ეს მხარე რუსეთს ესაზღვრება?! კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსთან ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი და კიდევ ვაპირებთ. თუმცა, ორმხრივი შეხვედრების ფორმატი გაითვალისწინებს თუ არა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ჩართულობას ამ საკითხებში, ეს სამომავლოდ გადაწყდება“, – განაცხადა პატრიარქის მდივანმა.

აფხაზეთის საკითხზე რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობლივი კომისიის შექმნას თეოლოგები აკრიტიკებენ. ისინი საქართველოს ეკლესიას რუსეთის ეკლესიასთან ევქარისტული კავშირის გაწყვეტისკენ მოუწოდებენ. ასევე ამ სახის მოლაპარაკებებში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და სხვა ეკლესიების წარმომადგენლების ჩართვას ითხოვენ.