აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნიუ-იორკში მომხდარი ტერაქტის შემსრულებელი საიფულო საიპოვი სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.
„ნიუ-იორკის ტერაქტის შემრულებელი აღტაცებით ითხოვდა თავის პალატაში „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ჩამოკიდებას. მან რვა ადამიანი მოკლა, ხოლო 12 კი მძიმედ დაჭრა. მას სიკვდილით დასჯის განაჩენი უნდა გამოუტანონ!“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ დაკავებული საიფულო საიპოვის გუანტანამოს ბაზაზე გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს, სადაც ტერაქტში ეჭვმიტანილები ჰყავთ მოთავსებული.
ორი დღის წინ, ნიუ-იორკში ტერაქტი 29 წლის უზბეკეთის მოქალაქემ საიფულო საიპოვმა განახორციელა. ის მწვანე ბარათის მფლობელი იყო და აშშ-ში ტაქსის მძღოლად მუშაობდა. ნიუ-იორკში, მანჰეტენზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. თავდამსხმელი მანქანით ჯერ ველოსიპედისტებს, შემდეგ კი სასკოლო ავტობუსს შეეჯახა და სროლა დაიწყო.