”ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის შესაძლოა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება შეეხოს.
როგორც დავით ბაქრაძე ჟურნალისტებთან განმარტავს, ეს ინფორმაცია მან მედიისგან შეიტყო, თუმცა აცხადებს, რომ კანონით ორი -მესამედი ვადის ამოწურვის შემდეგ, ნებისმიერ ადამიანს ეხება პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება.
„კონკრეტულ ინფორმაციას, რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, დამატებითი დაზუსტება სჭირდება და ჯერჯერობით არ შემიძლია დაგიდასტუროთ. მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილი აღიარებულია პოლიტიკურ პატიმრად. ამის შემდეგ ხელისუფლება შეეცადა დროის გაყვანას და საქმე შეიტანა სტრასბურგის დიდ პალატაში. გადაწყვეტილება მიღებული აქვს დიდ პალატასაც და დღე-დღეზე დიდი პალატის მიერ მოხდება დადასტურება, რომ ვანო მერაბიშვილი იდევნება პოლიტიკური ნიშნით. ამიტომ, „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად მოუწევს ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოშვება და რაც უფრო სწრაფად გამოვა, მით უფრო ნაკლებ ზიანს მიიღებს ქართული სახელმწიფო სტარსბურგშიც და ჩვენს უცხოელ პარტნიორებთანაც”, - განაცხადა დავით ბაქრაძე.
მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი გააგრძელებს თუ არა პოლიტიკურ საქმიანობას, მხოლოდ მერაბიშვილის გადასაწყვეტია, ამიტომ ბაქრაძემ არ იცის, რომელ ჯგუფთან ითანამშრომელებს ყოფილი პრემიერი.
„ჩვენი ამოცანაა, მერაბიშვილი, რომელიც პილიტიკური დევნის მსხვერპლია, რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეს გარეთ, ამის შემდეგ გადაწყვეტს, სად იქნება მისი ადგილი, პოლიტიკაში, თუ პოლიტიკის გარეთ, სადაც არ უნდა იყოს, მას ვუსურვებ წარმატებას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
კითხვაზე, გააჩენს თუ არა მერაბიშვილის გამოსვლა კითხვის ნიშნებს გარიგებასთან დაკავშირებით, ბაქრაძემ განაცხადა, რომ ”ასეთი ტიპის კითხვები და ეჭვები ამორალურია”.