ბატონო გიორგი, რომელი მუხლის საფუძველზე დახურეთ დღევანდელი სხდომა, - ასე მიმართა „რესპუბლიკური პარტიისა“ და თბილისის საკრებულოს წევრმა ხათუნა სამნიძემ თბილისის საკრებულოს თავჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს.
როგორც სამნიძემ აღნიშნა, საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან რეგლამენტი ხშირად ირღვევა, თუმცა, დღეს ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.
„თქვენ არ გქონდათ არავითარი უფლება მიგეღოთ გადაწყვეტილება და დღეს მთელი სახელმწიფო მანქანა მობილიზებული ყოფილიყო საკრებულოს ირგვლივ და ისეთი დაცვა ყოფილიყო, რომ არავის გვქონოდა უფლება საკრებულოს შენობაში შემოსვლის. რის საფუძველზე, ვისი ბრძანებით დახურეთ სხდომა ისე, რომ არავინ, მათ შორის, პარლამენტის წევრები დღეს ვერ ახერხებენ შენობაში შემოსვლას. ვისი ბრძანებით იყო და ახლაც არის სუს-ის თანამშრომლები შენობაში და ისინი უკანონოდ იღებდნენ ვიდეოკამერებით ადამიანებს, რომლებიც შენობასთან არიან. რომელი კანონის საფუძველზე, რომელი მუხლის საფუძველზე მიიღეთ თქვენ ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა სამნიძემ.
სამნიძის თქმით, გარეთ მყოფებს არ შეშვების მიზეზად ახლა ეუბნებიან, რომ ადგილი არ არის, რაც სიცრუეა.
„საკრებულოს თანამშრომლებს უბრძანეთ, რომ შემოსულიყვნენ და აივანზე დამდგარიყვნენ. აქაც კი არღვევთ კანონს, საკუთარ თანამშრომლებს იმორჩილებთ იმისთვის, რომ საკუთარი ნების გარეშე დადგნენ აივანზე. პირდაპირ უნდა მიპასუხოთ, ბატონო გიორგი, რის საფუძველზე, რომელი მუხლის საფუძველზე დახურეთ დღევანდელი სხდომა. ჩვენ ვითხოვთ, რომ სხდომა იყოს ღია“, - განაცხადა სამნიძემ.