შალვა ოგბაიძე:  საკრებულო არგუმენტებით ჭიდილის ადგილია და არა ფიზიკური ჭიდილის

შალვა ოგბაიძე: საკრებულო არგუმენტებით ჭიდილის ადგილია და არა ფიზიკური ჭიდილის

ერთ მხარეს არის ჩვენი ამომრჩევლების დაკვეთა, მივიღოთ გადაწყვეტილებები და საკრებულო სწორედაც არის არგუმენტებით ჭიდილის ადგილი და არა ფიზიკური ჭიდილის ადგილი, როგორც ეს დააანონსა დაშლილმა პარტიამ მარტივ მამრავლებად, ისეთმა დაშლილმა, რომელსაც ელიავას ბაზრობაც აღარ იბარებს, - განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა შალვა ოგბაიძემ.

 "საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება, რომ დღევანდელ სხდომას დაესწრებიან მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამაშრომლები და მედიის წარმომადგენლები, ეს არის მისი დისკრეცია. თავმჯდომარემ ყველაფერი უნდა იღონოს იმისთვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს ჰქონდეთ სრული წვდომა ინფორმაციაზე თქვენი, მედიის მეშვეობით, დეპუტატების თანდასწრებით და ამაში მე პირადად ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ",- განაცხადა ოგბაიძემ.

გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ  საკრებულოს სხდომას დაესწრებიან მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამაშრომლები და მედიის წარმომადგენლები.

საკრებულოსთან ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭრები იკრიბებიან და სხდომაზე დასწრებას ითხოვენ.

დღეს საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი, რომელზეც სხვადასხვა საკითხთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი საკითხი თაბორის მთაზე 5 ათასი კვადრატული მეტრისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრის სტატუსშეცვლილი ტერიტორიების კონკრეტული კომპანიებისთვის გადაცემაზე უნდა იმსჯელონ.