სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლის ვინაობა შესაძლოა დღესვე გახდეს ცნობილი

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლის ვინაობა შესაძლოა დღესვე გახდეს ცნობილი

ევროსასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლის არჩევის პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს და დღის ბოლომდე გაგრძელდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა.

მისივე განცხადებით, შესაძლოა, სტრასბურგში საქართველოს წარმომადგენლის ვინაობა, პირველივე ტურში, დღესვე გახდეს ცნობილი.

„დღეს, 10:00 საათიდან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაიწყო დილიდან ფარული წესით ხმის მიცემის პროცედურა მოსამართლეობის კანდიდატებისთვის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. კომიტეტმა 29 სექტემბერს უმრავლესობით ლადო ჭანტურიას დაუჭირა მხარი და ის სიაში პირველია. დანარჩენი ორი კანდიდატიც სიაშია – ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა. საჭიროა ასამბლეის მონაწილეთა ნახევარზე მეტი, რომ პირველივე ტურში დასრულდეს არჩეული მოსამართლის გამოვლენა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე ინფორმაციით, თუ პროცესი პირველივე ტურში არ დამთავრდა, მაშინ ხმათა უმრავლესობის მქონე ორ კანდიდატს შორის კენჭისყრა ხვალ გაიმართება.