სამწუხაროდ, ჩვენ ისეთი კონსტიტუცია მივიღეთ, რომელიც სრულ პოლიტიკურ კონსენსუსს ვერ დაეფუძნა

სამწუხაროდ, ჩვენ ისეთი კონსტიტუცია მივიღეთ, რომელიც სრულ პოლიტიკურ კონსენსუსს ვერ დაეფუძნა

სამწუხაროდ, ჩვენ ისეთი კონსტიტუცია მივიღეთ, რომელიც სრულ პოლიტიკურ კონსენსუსს ვერ დაეფუძნა - ეს განცხადება კონსტიტუციონალისტმა და საკონსტიტუციო კომისიის ყოფილმა წევრმა ვახუშტი მენაბდემ გააკეთა. მისი თქმით, ის ძალისხმევა, რომელიც მხარეებმა საკონსტიტუციო ცვლილებების კონსენსუსის მიმართულებით გასწიეს, საკმარისი არ იყო.

„ის საკითხები, რომელიც დღეს დისკუსიის საგანია, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დროსაც ცხადი იყო, რომ ეს მნიშვნელოვანი თემები იქნებოდა. საქართველოს პრეზიდენტის ვეტოც ამ მიმართულებაში ჯდება. ის ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს ეხება, რომელზეც დისკუსია იყო. ცხადია, აქ გამოსაყოფი და უპირველესი საარჩევნო სისტემა და 2020 წლისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა. ეს არის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა იმ პროექტს, რომელიც ჩვენ გვაქვს, მაგრამ ,სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამ საკითხზე პოლიტიკური სპექტრი ვერ შეთანხმდა. ვეტო დაიძლევა და საბოლოო ჯამში ჩვენ იმ ვერსიას მივიღებთ, რომელიც მესამე მოსმენით პარლამენტმა დაამტკიცა.

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები გარკვეულწილად შემცირდა. მე ვისურვებდი, რომ არჩევნებთან დაკავშირებული ეს საკითხი იმ ტალღაში შესულიყო, რომელიც მმართველი გუნდის მიერ უკვე დაანონსებულია“,- განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი სოფო ვერძეული საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ნაწილს აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება ეზღუდება.

„საკონსტიტუციო ცვლილებებით საკონსტიტუციო სასამართლოს საარჩევნო წელს საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა შეეზღუდა. ამ საკითხზე ვენეციის კომისიის დასკვნა ასევე უარყოფითი იყო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიც პარლამენტს მოუწოდებდნენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირების საკითხი არ შეეზღუდა. პარლამენტმა ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და ჩვენ ახლა კონსტიტუციაში პრობლემური ჩანაწერი გვაქვს“, - განაცხადა ვერძეულმა

საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებების შეფასებისგან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ მერაბ ტურავამ თავი შეიკავა.

„კანონმდებლების უფლებამოსილება კონსტიტუციის კანონების ტექსტის ჩამოყალიბებაა. მე, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, რომელიც კანონის ნორმის კონსტიტუციურობაზე ვმსჯელობ, ჩემს აზრს ამასთან დაკავშირებით არ და ვერ გამოვთქვამ. თუ კონკრეტული საკითხი დადგება საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე ამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პოზიციის გამოხატვა მხოლოდ ამ ფორმატში შემიძლია“, - განაცხადა ტურავამ.