გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს:  გულწრფელად მძიმე საყურებელია შენი ასტრონომიული დეგრადაცია

გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს: გულწრფელად მძიმე საყურებელია შენი ასტრონომიული დეგრადაცია

მიშა ძვირფასო, რით ვერ გააცნობიერე, რომ საფრთხობელას როლს ასრულებ ივანიშვილის თამაშში, გულწრფელად მძიმე საყურებელია შენი ეს ასტრონომიული დეგრადაცია, - ასე პასუხობს თბილისის ყოფილი მერი და ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

უგულავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სხვა ოპოზიციური პარტიის გაკრიტიკებით, ბიძინა ივანიშვილს აძლიერებს.

”მიშა ძვირფასო, როცა არჩევნებამდე ორი კვირა დარჩა და სხვა ოპოზიციურ პარტიას აკრიტიკებ, ივანიშვილის თამაშს თამაშობ. როცა ”ოცნება” ხალხს შენი დაბრუნებით, არეულობით აშინებს და ეს სამწუხაროდ მუშაობს, შენ ზღვის გადმოცურვით იმუქრები, თან იძახი პოლიცია და ჯარი ჩემს მხარესაა - ივანიშვილის თამაშს თამაშობ. როცა შენს თანაგუნდელებს ეუბნები - თქვენ თუ მოიგეთ, მე ამით რა სარგებელი მაქვსო - ივანიშვილის წისქვილზე ასხამ წყალს. რით ვერ გააცნობიერე, რომ საფრთხობელას როლს ასრულებ ივანიშვილის თამაშში. აღარ ვაპირებთ შენი და შენი მეგობრების წელს ქვევით პრწკენაზე ბევრი დრო დავხარჯოთ. არჩევნებია და ”ქართულ ოცნებას” ამ საჩუქარს არ გავუკეთებ. როცა შენი პარტიის დღევანდელი ლიდერი შენს მინისტრს (რომელთანაც ყველანაირად ვალში ხარ) ყაჩაღს უწოდებს, ჟურნალისტებს გაურბიხარ - საქართველო მე არ მეხებაო. ახლა არჩევნების წინ ორღობესავით ჭორაობ ქართულ პოლიტიკაზე და პარტიებზე - გაუცნობიერებლად ივანიშვილის უკეთებ საქმეს. ჩამოყალიბდი რა გინდა. გულწრფელად მძიმე საყურებელია შენი ეს ასტრონომიული დეგრადაცია. ალბათ ცოტა ხანში წასვლასაც ჩვენ დაგვაბრალებ”, - წერს უგულავა სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

”ევროპულ საქართველოსთან” დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა ”რუსთავი” 2-”ის ეთერში ისაუბრა.

”სინამდვილეში, ”ევროპული საქართველო არის ხალხი, რომელმაც მიიღო შეგნებული გადაწყვეტილება, რომ გამიჯვნოდა ”ნაციონალურ მოძრაობას” და ამით გააძლიერა ივანიშვილი. გინდა ასე მიუდექით, გინდა ისე, იცოდნენ მათ ეს თუ არა, არ ვიცი, უნდოდათ თუ არა, მაგრამ ეს იყო ასე. მე როგორც განვაცხადე ”კრაკოვეცთან”, საქართველოში ჩემთვის ეს გზა ჩაიკეტა იმ შეთანხმებით, რომელიც მოხდა შარშან არჩევნების წინ და არჩევნების შემდეგ. მთავარ მტრად გამოაცხადეს არა ივანიშვილი, არამედ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნება. ეს ფაქტია”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.