„ძალიან გთხოვთ, ტელევიზიებსაც მინდა გთხოვოთ, ნუღარ ხდება დრამატიზება ამ საკითხების, დამთავრდა, ეს არის უკვე წარსულია, რომელიც უნდა ჩაბარდეს ისტორიას და ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას“ - ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა ე.წ. ციანიდის საქმეზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, მედიის საშუალებით საქმის გარკვეული მასალები შესაძლებელია თუ არა, საპატრიარქოდან გასულიყო, მამა მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ ეს „სიბეცეა“.
„აბსოლუტური სიბეცეა, როდესაც ლაპარაკობენ იმის თაობაზე, რომ საპატრიარქოდან შეიძლება გასულიყო ეს ინფორმაციები. საიდან შეიძლება, საპატრიარქოს ჰქონოდა ეს ინფორმაციები, მითხრას ვინმემ. ჩვენ მხარეს არ წარმოვადგენდით, ჩვენ არ გვქონდა უფლებამ, მოგვეთხოვა მასალები, შესაბამისად არც მოგვითხოვია და ვერც მივიღებდით. საიდან შეიძლება გვქონოდა საქართველოს საპატრიარქოს მასალები ან როგორ ფიქრობთ, საქართველოს საპატრიარქო რატომ მისცემდა „რუსთავი 2“-ს ან თუნდაც, სხვა ტელევიზიას. დიდი ეჭვი არსებობს იმისა, რომ ეს ინფორმაციები გავიდა სწორედ ადვოკატებისგან“ - განაცხადა პატრიარქის მდივანმა.
რაც შეეხება მეუფე პეტრეს მოსაზრებას, რომ მტკიცებულებების გახმაურება საპატრიარქოს ინტერესებში შედიოდა, მამა მიქაელი ამ ფაქტს უარყოფს.
„ალბათ, ციანიდის საქმეზე საუბარი უკვე უნდა დავამთავროთ, ჩვენ მთელი წელი ვსაუბრობთ ამ საკითხებზე და ბევრი დრო და ენერგია დავხარჯეთ, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი რამ გასაკეთებელი იმისთვის, რომ ის იმიჯი, რაც ეკლესიას ჰქონდა და დღეს დადგა ამ იმიჯის შერყევის სხვადასხვა გარემოებები, როგორმე დავიბრუნოთ. ეკლესიას ყოველთვის მაღალი ნდობა ჰქონდა, გამოირჩეოდა ავტორიტეტით ქართულ საზოგადოებაში. ამიტომ, უნდა მოვრჩეთ თემებზე საუბარს, განაჩენი გამოტანილია, ვინც არ ეგუება ამ განაჩენს, ეს მათი პრობლემაა. ჩვენ მივიღეთ ის შედეგი, რაც დადგა. აქედან გამომდინარე, არანაირი საფუძველი არ გაგვაჩნია, უნდობლობა გამოვუცხადოთ მოქმედ კანონმდებლობას და იმ შედეგს, რაც დადგა“, - განაცხადა მამა მიქაელმა.
პატრიარქის მდივნის განცხადებით, პროცესების დახურვა საპატრიარქოს ინტერესში არ შედიოდა, ეს სახელმწიფოს მოთხოვნა იყო, მის ინტერესში შედიოდა, რომ სხდომები საჯარო არ ყოფილიყო.