საკონსტიტუციო ცვლილებებზე მარგველაშვილი ემყარება აშშ-ის პრეზიდენტების განმარტებებს, პარლამენტის თავკაცები კი ნორჩი ლენინელები არიან

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მარგველაშვილი ემყარება აშშ-ის პრეზიდენტების განმარტებებს, პარლამენტის თავკაცები კი ნორჩი ლენინელები არიან

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტი ემყარება აშშ-ის პრეზიდენტების, ან ევროპელი ფილოსოფოსების განმარტებებს, ხოლო დღევანდელი პარლამენტის თავკაცები არიან ნორჩი ლენინელები, - ასე აფასებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ განვითარებულ პროცესებს.

კითხვაზე, რას შეიძლება ველოდოთ, იქნება ეს პრეზიდენტის ვეტო ოპოზიციის შეთავაზებით, თუ დათმობა და ”ქართული ოცნების” პოზიციის ასახვა მოტივირებულ შენიშვნებში, ცისკარიშვილი პასუხობს, რომ ”ნორჩი ლენინელების ნაბიჯი წინასწარ ძნელი განსასაზღვრია და მათ როგორც ჩანს საკუთარ ბიბლიად შეაფასეს ლენინის განმარტება”.

”თავი და თავი იმ დავიდარაბისა, რასაც ადგილი აქვს მრავალი თვის განმავლობაში ჩვენს კონსტიტუციასთან დაკავშირებით, გახლავთ ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს პრეზიდენტი სხვადასხვა მხრიდან წარმოაჩენენ დემოკრატიის გაგებას. ბატონი მარგველაშვილი ემყარება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების, ან ევროპელი ფილოსოფოსების განმარტებებს. რონალდ რეიგანი ბრძანებდა - ”დემოკრატია ღირს იმად, რომ თავი შეწირო, რადგან ის მმართველობის ყველაზე პატივსაცემი ფორმაა, რაც კი ოდესმე გამოუგონია კაცობრიობას”. ისევ რეიგანი ამბობდა, რომ ”დემოკრატია იმდენად მართვის საშუალება არ არის, რამდენადაც მთავრობის შეზღუდვის საშუალება, რომ მან ხელი არ შეუშალოს ადამიანში იმ მთავარ ფასეულობათა დამკვიდრებას, რასაც მას აძლევს ოჯახი და სარწმუნოება”. მათზე უფრო ადრე ვუდრო ვილსონი ამბობდა, რომ ”დემოკრატია იმდენად მმართველობის ფორმა არ არის, რამდენადაც პრინციპების ერთობლიობა”. რაც შეეხება ევროპულ წარმოდგენებს ამ საკითხზე, ფილოსოფოსი ალბერ კამიუ ამბობდა - ”დემოკრატია არის არა უმრავლესობის ძალაუფლება, არამედ უმცირესობის დაცვა”.

სიჯიუტით გაჟღენთილი პარლმენტის სპიკერის წარმოდგენა ემყარება განსხვავებულ შეფასებას - ”დემოკრატია არის უმრავლესობის ბატონობა”. ეს გამონათქვამი კი ეკუთვნის ვლადიმერ ლენინს. აქედან გამომდინარე, სიჯიუტე და მხოლოდ უმრავლესობის ინტერესების წარმოჩენა ქართულ პარლამენტში გვაძლევს საშუალებას და უფლებას ვიფიქროთ, რომ დღევანდელი პარლამენტის თავკაცები არიან ნორჩი ლენინელები. ეს რასაკვირველია სერიოზული განსხვავების წინაპირობაა, მაგრამ თავს შევირცხვენთ კიდევ უფრო იმ ევროპის წინაშე, რომელსაც ვეტრფით და ეს კიდევ უფრო დაამძიმებს პერსპექტივას ევროპულ სივრცეში ჩვენი, როგორც თანასწორი ქვეყნის არსებობისა”, - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ სრულიად მარტივად შეიძლებოდა კონსენსუსი შემდგარიყო.

”იმ ტერმინებშიც კი, რომელზეც თითქოსდა დაყაბულდა უმრავლესობა, ჩადებულია ისეთი სიტყვები, რომელიც უბრალოდ ძალიან ძუნწი ავტორის შემოქმედებაა. პრიმიტიული კონსენსუსი ის მაინც იქნებოდა, რომ მარტივი არითმეტიკა გაეხსენებინათ და ოპოზიციის მოთხოვნილება 3%-ზე, ხოლო სიჯიუტე პარლამენტის უმრავლესობისა 5%-ზე დაევიწყებინათ და შეთანხმებულიყვნენ 4%-ზე. რეალობა მძიმდება, რადგან ისეთი პირები, რომლებსაც არასოდეს ჰქონიათ შეხება კონსტიტუციასთან, გარდა პარლამენტის თავმჯდომარისა, ჯიქურ საუბრობენ იმაზე, თუ რას იზამს პარლამენტი, თითქოს ეს ადამიანები კონკრეტულად სადმე რამეზე ვინმეს აერჩია. გამაღიზიანებელია უმრავლესობის მცდელობა, რომ დაითანხმოს, როგორც ოპოზიციური ძალები, ასევე საქართველოს საზოგადოება იმ ფონზე, როცა მათ გონებაში დემოკრატია არის უმრავლესობის ბატონობა”, - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე 4 წინადადებას სთავაზობს. კერძოდ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განმარტებით, უმრავლესობის თანხმობის შემთხვევაში პრეზიდენტის ვეტოში ოთხი საკითხი აისახება - ბონუსების აკრძალვა, საარჩევნო ბლოკების დაშვება, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020-ში და პრეზიდენტის არჩევის წესზე მსჯელობა პარლამენტის მხრიდან მას შემდეგ, რაც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ორპალატიანი გახდება.

”ქართული ოცნება” შეთავაზებაზე უარს აცხადებს, კომპრომისზე წასვლას არ გეგმავს და განმარტავს, რომ მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტის ბოლო შეთავაზებების შემთხვევაში ვეტო დაიძლევა.