მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვლადიმერ აფხაზავა გახდა. მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან - ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცა. დანარჩენი ოთხი ფინალისტი  კი ლიბერთი ბანკმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრმა დააჯილდოვა.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველოს“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად განხორციელდა და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის - „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

2017 წლის 31 მაისს გამოცხადდა ჯილდოს კონკურსი, რომელშიც 114 მასწავლებელი ჩაერთო. მათგან ნახევარფინალისტების ათეული და ფინალისტების ხუთეული განათლებისა და კულტურის სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, მკაფიოდ ჩამოყალიბებული კრიტერიუმების საფუძველზე შეარჩია.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები იყვნენ:

1. ეკა წულუკიძე - მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

2. ნათია ფურცელაძე - ქ. თბილისის კერძო სკოლა „ქორალი“-ს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

3. ნინო აბულაძე - ქ. თბილისის N 43 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი.

4. ვლადიმერ აფხაზავა - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი / სპეც.მასწავლებელი.

5. თეა ნონიკაშვილი - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის ბიოლოგია/ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“, ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისა და ლიბერთი ბანკის გარდა, ასევე, მხარს უჭერდნენ საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია „იმედი“.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.