ირაკლი სესიაშვილმა მერიის ელექტრონულ აუქციონზე 326 კვადრატული მეტრი მიწის ყიდვა დაადასტურა

ირაკლი სესიაშვილმა მერიის ელექტრონულ აუქციონზე 326 კვადრატული მეტრი მიწის ყიდვა დაადასტურა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი ადასტურებს, რომ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში უკონკურენტოდ გაიმარჯვა და 326 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი საკუთრებაში მიიღო.

მისივე განმარტებით, ტერიტორია, რომელიც შეიძინა, უსარგებლოა და პრაქტიკულად "უდაბნოა".

"რა თქმა უნდა, მე ეს შევიძინე. ეს არის ჩემი მომიჯნავე ნაკვეთი, რომლის ყიდვის უფლება ჰქონდათ მხოლოდ მეზობლებს, იმდენად, რამდენადაც ეს არის ვიწრო, არაფერში გამოსადეგი ტერიტორია და მისი საბაზრო ღირებულება გადაწყვიტა დამოუკიდებელმა ექსპერტმა. თავისთავად ცხადია, რომ კონკურენტი ვერ მეყოლებოდა, იმიტომ რომ არავის აქვს ინტერესი იყიდოს ისეთი მიწა, რომელსაც ვერაფერში ვერ გამოიყენებს. ელექტრონულად მოვითხოვე ამის ყიდვა და ელექტრონულადაც ვიყიდე. ყველას შეუძლია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა მიიღოს. მაგრამ არავის არაფერში სჭირდება ეს მიწა გარდა მეზობლებისა. იქ არც გზა არის, არც კომუნიკაციებია, სრული უდაბნოა",- განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, 2016 წლის 11 მარტს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე, სარეკრეაციო ზონაში არსებული 326 კვ.მ არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 14.214 ლარად გაიყიდა.

ამის შემდეგ, ირაკლი სესიაშვილმა მომიჯნავედ მდებარე 311 კვ.მ არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენაც მოითხოვა, რომელზეც 2017 წლის 10 მარტს თბილისის მერიამ ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.

აუქციონში ამჯერადაც მხოლოდ ირაკლი სესიაშვილი მონაწილეობდა, რომელმაც მიწის ნაკვეთი 16.480 ლარად შეიძინა.