იმ შემთხვევაში, თუკი კონსტიტუციაში ცვლილებებს ორი საკითხის გარდა სხვა საკითხები დაემატება, უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს

იმ შემთხვევაში, თუკი კონსტიტუციაში ცვლილებებს ორი საკითხის გარდა სხვა საკითხები დაემატება, უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს

ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებს შეთავაზებული ორი საკითხის გარდა სხვა საკითხები დაემატება, უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.

როგორც მდინარაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე უმრავლესობის პოზიცია უცვლელია.

”ჩვენ ვაპირებთ ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული საკითხების ვეტოში ასახვის შემთხვევაში, ვეტოს გაზიარებას. ეს არის ის ორი საკითხი, რომელზეც საყოველთაო კონსენსუსი შედგა. თუ ამ ორ საკითხს სხვა საკითხები დაემატება, რასაც არ უნდა შეეხებოდეს ის, ჩვენ ვეტოს დაძლევა მოგვიწევს. კონსტიტუციასთან დაკავშირებით სხვა საკითხებზე დისკუსია არის დახურული. კონსტიტუცია მიღებულია და რომელიმე სხვა საკითხის დამატების შემთხვევაში ჩვენ ვეტოს დაძლევაზე მოგვიწევს ფიქრი”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” მამუკა მდინარაძემ.

პრეზიდენტი მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე 4 წინადადებას სთავაზობს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განუცხადა, გადაწყვეტილება შეთავაზების შესახებ პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის გუშინ გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

”გაიმართა ოპოზიციის და პრეზიდენტის შეხვედრა, რომელზეც შეთანხმება შედგა. ოპოზიციამ და პრეზიდენტმა მანამდე მიაღწია 6 პუნქტიან შეთანხმებას, თუმცა უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციამ და პრეზიდენტმა გადაწყვიტეს, რომ გადაედგათ კიდევ თანხმობის ნაბიჯი და გააკეთეს 4 შეთავაზება - ბონუსების აკრძალვა, საარჩევნო ბლოკების დაშვება, ანუ ორი საკითხი, რომელსაც ”ქართული ოცნება” ითხოვს, მესამე - პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა 2020-ში და მეოთხე შეთავაზება არის ის, რომ პრეზიდენტს პარლამენტი მაშინ აირჩევს, როცა ის იქნება ორპალატიანი, რაც ასევე იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია. ეს არის ოთხი ძირითადი ნაბიჯი თანხმობისკენ, რასაც ოპოზიცია და პრეზიდენტი სთავაზობს უმრავლესობას, რომ გათვალისწინებული იყოს ვეტოში. თუ უმრავლესობას კიდევ სხვა საკითხები სჭირდება, მაგალითად, რელიგიის თავისუფლების მუხლი, ოპოზიცია მზად არის, ამაზე ითათბიროს”, - განაცხადა ანა დოლიძემ.