ირაკლი ქარსელაძე: რეალობა რადიკალურად განსხვავდება დეზინფორმაციისგან

ირაკლი ქარსელაძე: რეალობა რადიკალურად განსხვავდება დეზინფორმაციისგან

თაბორის მთაზე უპრეცედენტო პროექტი ხორციელდება. მისი ანალოგი დღეს არც ქვეყანას, არც ქალაქს არ აქვს.

"ეს არის სარეკრეაციო სივრცე, ეს იქნება „ახალი ფილტვები“ რომელიც ექნება ქალაქს", – აცხადებს საუბარში „თანაინვესტირების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე.

იგი აღნიშნავს, რომ პროექტთან დაკავშირებით რეალობა რადიკალურად განსხვავდება იმ დეზინფორმაციისგან, რაც მიზანმიმართულად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ვრცელდება.

ქარსელაძის თქმით, თაბორის მთაზე 4 000 კვ. მეტრის დამატების საჭიროება განპირობებულია იმით, რომ უკვე არსებული 400 ათასი კვადრატული მეტრის მოსარწავად სისტემა სწორედ აქ უნდა დადგეს. უცხოელი სპეციალისტების მიერ მომზადებულმა პროექტმა, რელიეფური სპეციფიკიდან გამომდინარე, ტექნიკური ნაგებობების განთავსება ბოლოს მოითხოვა, რის გამოც ფონდმა საკრებულოს ზონის ცვლილებაზე მიმართა.

"განაშენიანება მაქსიმუმ 1000კვ. მეტრზე მოხდება და დაგეგმილია მხოლოდ 1 სართულიანი ნაგებობის აშენება, სადაც განთავსდება წყლის სატუმბი სადგური და საირიგაციო სისტემის ინფრასტრუქტურა. ლანჩშაპტურ-რეკრეაციული გადაკეთდა რეკრეაციულ ზონა 2-ად, რაც არის არც სახლების ასაშენებელი ადგილია და არც რაიმე პირადი მიზნების გამოყენებისთვის არის განკუთვნილი. პირიქით, ეს 400 ათასიანი სარეკრეაციო სივრცის მოსარწყავად და მოსავლელად კეთდება“,- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მისი თქმით, სივრცე დაახლოებით 2.5-ჯერ მეტია ვაკის პარკზე და ეს იქნება ადგილი, სადაც შეეძლება ნებისმიერ ადამიანს გავიდეს, დაისვენოს და არა მანქანით, არამედ საბაგიროთიც მოხვდეს ტერიტორიაზე.

ირაკლი ქარსელაძე აღნიშნავს, რომ თაბორის მთაზე, 400 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე მოეწყობა მწვანე საფარი. ახლა ირგვება 300-მდე ხე, რამდენიმე დღეში ჩამოვა და დაირგვება 800 ხე, მომდევნო გეგმა კი ტერიტორიაზე 3000 ხის დარგვას ითვალისწინებს.

თაბორის მთის განაშენიანებაზე საუბრისას „თანაინვესტირების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ ფონდმა თაბორის მთაზე 30 ჰა მიწა რეკრეაციული პროექტის განვითარებისთვის შეიძინა საჯარო აუქციონზე, სადაც კონკურენტი არ ჰყოლია.

„მიწის ნაკვეთი იქნა შეძენილი რეკრეაციული პროექტის განვითარებისთვის, რომელიც მოიცავს 300 000 კვ. მეტრს, ამას ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაამატა მისი კომპანიის საკუთრებაში არსებული 10 ჰა მიწა, რათა მთლიანი ფართობი გამხდარიყო 400 000 კვ. მეტრი. ამ 40 ჰა-ზე მთლიანი სასარგებლო ფართის მოშენება განისაზღვრა მხოლოდ 20 000 კვ. მეტრი, სადაც განთავსდება 2 შენობა სასტუმრო და გოლფ კლუბი, ორივე საზოგადო დანიშნულების და მათი ფართი არ აღემატება 5000 კვ. მეტრს და მხოლოდ 2 და 3 სართულიან, 2 შენობაზეა საუბარი, ასევე გაკეთდება სარბენი და ველო ბილიკები, ხელოვნური ტბა“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

„თანაინვესტირების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ არსებული 3 დასკვნის თანახმად, თაბორის მთაზე ამჟამად სავალალო მდგომარებაა, ახალი პროექტით კი ტერიტორიაზე უკვე დრენაჟებია მოწყობილი, საირიგაციო სისტემის პროექტი დასრულდა და დაწყებულია მილების ჩალაგება. „მოირწყვება მთელი ტერიტორია, ისევე, როგორც ბოტანიკური ბაღი, რომელიც თავის დროზე, ასევე ბიძინას ივანიშვილის გაკეთებულია“, – განაცხადა ქარსელაძემ.

მისი თქმით, რაც შეეხება 2007 წელს შეძენილ მიწას, ის შეიძინეს(1 კვ. მეტრი/ 35 ლარი) გარშემო მდებარე სივრცის აქტიური განაშენიანების გამო, რომ ეს ტერიტორია მაინც გადარჩენილიყო, როგორც რეკრეაციული ზონა.

„პირველთან“ საუბარში ირაკლი ქარსელაძემ ავტოსადგომებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ თანაინვესტირების ფონდი მზადაა, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე აშენებული მიწისქვეშა ავტოსადგომების გარდა, კიდევ დამატებითი მიწისქვეშა სადგომები მოაწყოს. ამისთვის კი მინიმუმ მილიონი ლარი დაიხარჯება და სხვა ავტოსადგომების მსგავსად, ნებისმიერი მომხმარებლისთვის ისიც ხელმისაწვდომი იქნება.

ქარსელაძის თქმით, მრავალადგილიანი მიწისქვეშა სადგომი მოეწყობა თავისუფლების მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დღეს არც ერთი მიწისქვეშა სადგომი არ არის.

„რაც შეეხება პუშკინის სკვერს, ის გამოყოფილია ჩვენი წითელი ხაზებიდან, პარკინგის ზონიდან გზით არის გამოყოფილი, რომელიც არ იყიდება, რომელზეც ვერაფერს გააშენებ და არ გაქრება. პუშკინის სკევრთან საერთოდ შეხება არ გავქვს არც მის ზედა, არც ქვედა ნაწილთან“, – აღნიშნა ქარსელაძემ.