საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

ა.წ. 7-21 სექტემბერს საქართველოს პარლამენტისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ ერთობლივი დელეგაცია ჩინეთის მმართველო პარტიის მიწვევით ოფიციალურ ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუცუშვილი, ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრები თეიმურაზ ჭკუასელი, ალექსანდრე ქანთარია და გიორგი მოსიძე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

დელეგაცია სტუმრობდა სამ პროვინციაში: შენსი (ქ. სიანი), ძიანსი (ქ. ნანჩანი), გუანდუნი (ქ. გუანჯოუ და შაოგუანი) და ცენტრალური დაქვემდებარების ორ ქალაქში: შანხაი და პეკინი.

ჩინეთის უძველეს დედაქალაქ სიანში, დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო „აბრეშუმის გზა 2017-ის ბიზნეს სამიტში“, რომელშიც მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის 600-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა. სამიტის მთავარი თემა ეკონომიკური გლობალიზაცია, პარტნიორ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივაში კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერება, ფინანსური პლატფორმის ჩამოყალიბება და საუკუნის  პროექტის  სტრატეგიული გეგმის განხილვა იყო. დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო მრგვალ მაგიდაში, რომლის დროსაც საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს, „აბრეშუმის გზის“ ინიციატივის ფარგლებში ინვესტიციების მოზიდვის საკითხს ასევე, ვაჭრობისა და გლობალური განვითარების ასპექტებს.

ქალაქ ნანჩანში დელეგაციამ მოინახულა ქართული კულტურის და ღვინის ცენტრი „ჯუნგე“, ცენტრის შენობაში განლაგებული ქართული ქართული ღვინის მუზეუმი და მაღაზიები. შედგა საქმიანი შეხვედრები ქალაქ ნანჩანის მერთან და ძიანსის პროვინციის გუბერნატორთან, აგრეთვე მსხვილი სამშენებლო კომპანია Zhongmei Enginering Group-ისა და სარკინიგზო კომპანია Jiangxi Railway Investment Group Corporation-ის პირველ პირებთან.

ქალაქ გუანჯოუში დელეგაცია დაესწრო სს „საპარტნიორო ფონდისა“ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი წარმომადგენლობის გაიხსნის ოფიციალურ ცერემონიას. საქართველოდან ჩასული სტუმრების გარდა, ცერემონიაში პროვინციის ხელისუფლების, მმართველი პარტიისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. წარმომადგენლობა ინვესტიციების მოზიდვას, ჩინეთ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს, პოპულარიზაციას გაუწევს საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობებს.

გუანდუნის პროვინციაში დელეგაცია აგრეთვე სტუმრობდა ჩინეთის ინოვაციური ტექნოლოგიების (დრონების) უმსხვილეს კომპანიას Ehang Innovation Technology Co. და შაოდუნის მეტალურგიულ კომბინატს.

ქალაქ შანხაიში დელეგაცია ხუასინის ენერგეტიკულ კორპორაცია CEFC-ის პირველ პირებს შეხვდა. მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა ერთობლივი ფონდის დაფუძნებამ რომელიც თანხებს საქართველოს ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ინდუსტრიის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში დააბანდებს. CEFC-ის მმართველი გუნდი და ქართული მხარე შანხაის ოფისში გამართულ ოფიციალურ  შეხვედრაზე,   ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობასა და სასაწყობე მეურნეობებით უზრუნველყოფის თაობაზე შეთანხმდნენ. აქცენტები გაკეთდა საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარების საკითხზეც. კერძოდ, საუბარი შეეხო ფოთის ეკონომიკურ ზონას, რომლის აქტიური ამუშავება ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია.

შანხაიში კერძო სექტორის პარალელურად, დელეგაციამ შეხვედრები ადგილობრივ ხელისუფლებასთან გამართა. შანხაის მთავრობის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, ფუ ლიხუნთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების, თბილისისა და შანხაის დამეგობრებისა და ქალაქებს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის საკითხებს. 

დედაქალაქ პეკინში შედგა სს „საპარტნიორო ფონდისა“ და ჩინეთის უმსხვილესი ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაცია SinoSure-ის ერთობლივი მემორანდუმის საზეიმო ხელმოწერა. მემორანდუმი გულისხმობს სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების ერთობლივი დაფინანსების მექანიზმების შემუშავებას, ინფორმაციისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა  სამთო გადამუშავება, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ენერგეტიკა  ტრანსპორტი და ვაჭრობა.

ვიზიტის ბოლოს შედგა შეხვედრები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველი პარტიის ლოდერებთან, მათ შორის პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო საქმეთა დეპარტამენტის ვიცე-თავმჯდომარე შინ ფეი ლისთან, აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის დეპარტამენტის თავმჯდომარე ციან ნა ჩენთან, ჩინეთის რეფორმებისა და განვითარების კომიტეტის მთავარ ექსპერტებსა და სხვა თანამდებობის პირებთან. შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა საუკუნის პროექტში „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ საქართველოს როლის გამოკვეთა, ფუნქციების მკვეთრად განსაზღვრა და კონკრეტული ამოცანების დასახვა იყო. დიდი ყურადღება დაეთმო საქართველო-ჩინეთს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის, ერთობლივი ეფექტური პროექტების განხორციელების, ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის, სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.