სოფო კილაძემ გლდანის # 8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირები მოინახულა

სოფო კილაძემ გლდანის # 8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირები მოინახულა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე  დღეს გლდანის # 8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უვადოდ თავისუფლებააღკვეთილებს  შეხვდა და მათი მოსაზრებები მოისმინა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის თითოეული ადამიანი არის ფასდაუდებელი. ამიტომ მაქსიმალურ აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, მათ შორის, განსაკუთრებულად მძიმე დანაშაული, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ რესოციალიზაციასა და  რეაბილიტაციაში, რათა ეს ადამიანები არ იყვნენ საშიში საზოგადოებისთვის", -აღნიშნა სოფო კილაძემ.  მისი თქმით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა ბევრი რამ გააკეთა მსჯავრდებულებისთვის პირობების შესაქმნელად და ამას მსჯავრდებულები ძალიან აფასებენ. მისივე განცხადებით,  უვადოდ თავისუფლებააღკვეთილებს  საკანონმდებლო ბაზასთან დაკავშირებით აქვთ გარკვეული წინადადებები და მოსაზრებები, თუ რა შეიძლება გაკეთდეს პენიტენციური სისტემის კიდევ უფრო ჰუმანიზაციისთვის.

სოფო კილაძის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს იმ სარჩელის შესახებ, რომელიც მსჯავრდებულებს შეტანილი აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოში. სარჩელის  მიხედვით, არაკონსტიტუციურად უნდა იქნას ის  ნორმა გამოცხადებული, რომელიც ტექნიკურ ბარიერებს უქმნის  წინა მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებულ ამნისტიის კანონს. ამნისტიის შესახებ  კანონში  კანონმდებლის მიერ გათვალისწინებული იყვნენ უვადოდ თავისუფლებააღკვეთილები, მაგრამ, ხარვეზის გამო, მათ არ შეეხოთ სასამართლოს მიერ აღნიშნული  კანონის გადასინჯვა.

„ვთვლით, რომ სასჯელაღსრულების სისტემის გაჯანასაღება არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მონაპოვარი, სადაც ადამიანებს ექცევიან ჰუმანურად და აღარ არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს", -განაცხადა სოფო კილაძემ.