საკანონმდებლო ორგანოში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნა

საკანონმდებლო ორგანოში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნა

საქართველოს პარლამენტში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. პროფესიული დღე მოწვეულ პედაგოგებს, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ მიულოცეს.

„მასწავლებლობა ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიაა. მადლობა იმ შრომისთვის და ამაგისთვის, რომელსაც დებთ თითოეული ბავშვის აღზრდაში. თითოეული წარმატებული ადამიანის უკან თქვენ დგახართ. ერთ პედაგოგს და ერთ მოსწავლეს შეუძლიათ სამყარო შეცვალონ. ყველაფერი იმ ფუნდამენტური ცოდნიდან, ადამიანობიდან და შემდგომ უკვე იმ პროფესიული ცოდნიდან იწყება, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად მოსწავლეებს გადასცემთ", - მიმართა მარიამ ჯაშმა მასწავლებლებს.

მისი თქმით, განათლება არის ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი. „მაქსიმალურად ერთიანობით, თქვენი მოსმენით, მშობლებთან საუბრით, სისტემური ცვლილებებით, ვეცდებით საქართველო გახდეს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა როგორც რეგიონში ასევე, მსოფლიო მასშტაბით  ჰქონდეს მას აღიარებები. ჩვენ შეგვიძლია ძალიან კარგი ხარისხის განათლების მიწოდება. ამის დასტურია ის წარმატებები, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს უკვე აქვთ საერთაშორისო ასპარეზზე", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მან განათლების სისტემაში მიღწეულ წარმატებებზე და ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.  „ჯერ კიდევ რჩება ბევრი გამოწვევა სისტემაში, მაგრამ ის, რომ პროფესიული განვითარების კუთხით დამსჯელობითი  მეთოდი  შეიცვალა წახალისების და ალტერნატიული მეთოდით, რომელიც პატივს სცემს მასწავლებლის პროფესიასა და თავად მასწავლებელს, უკვე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. გპირდებით ჩემს მაქსიმალურ მხარდაჭერას არა მხოლოდ საკანონმდებლო კუთხით, არამედ მეგობრობის და გულშემატკივრობის თვალსაზრისით", - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ყველა ის ინციატივა, რომელიც მიმართულია მოსწავლეების და პედაგოგების ხელშესაწყობად, ზოგადი განათლების სისტემის გასავითარებლად, ძალიან ოპერატიულ და ცალსახა მხარდაჭერას იღებს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან.

„ყველა ის ცვლილება, რომელიც სისტემაში განვახორციელეთ იყო თქვენი მონაწილეობით, თქვენი აზრის და ინტერესის გათვალისწინებით. პირობას გაძლევთ, რომ ყველა ცვლილება, რაც მოხდება საგანმანათლებლო სისტემაში იქნება ორიენტირებული და მიმართული მოსწავლისა და პედაგოგის ინტერესებისკენ.  თითოეული თქვენგანი არა მარტო ამ დღის არამედ, ყველა დღის გმირი ხართ. ადვილი არასოდეს ყოფილა პედაგოგობა თუმცა, ღირსეული საქმიანობა და დიდი პატივია ეს პროფესია. მინდა გისურვოთ წარმატება ძალიან რთულ, საინტერესო და მნიშვნელოვან საქმეში", -  მიმართა ალექსანდრე ჯეჯელავამ პედაგოგებს.

პარლამენტში დღეს გამართულ ღონისძიებაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და პარლამენტის სხვა წევრები მონაწილეობდნენ.