უსუფაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილმა კომისიამ შედეგი ვერ დადო, ახლა, მისი მხრიდან საკონსტიტუციო რეფორმის ნეგატიურად წარმოჩენა, უხერხულია

უსუფაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილმა კომისიამ შედეგი ვერ დადო, ახლა, მისი მხრიდან საკონსტიტუციო რეფორმის ნეგატიურად წარმოჩენა, უხერხულია

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილმა საკონსტიტუციო კომისიამ, სადაც ასევე ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი მონაწილეობდა, ვერანაირი შედეგი და პროდუქტი ვერ დადო და ახლა, მათი მხრიდან საკონსტიტუციო რეფორმის ნეგატიურად წარმოჩენა, ძალიან უხერხულია, - აღნიშნული კომენტარით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი დავით უსუფაშვილის კომენტარს გამოეხმაურა.

მათიკაშვილი დავით უსუფაშვილსა და ოპოზიციურ სპექტრს ურჩევს, საკონსტიტუციო რეფორმა სწორად შეაფასონ.

„საკონსტიტუციო პროცესი არათუ უფსკრულს აჩენს, არამედ პირიქით, ეს ის პროცესია, რომელიც იმ უფსკრულებს და დაშორებებს ავსებს, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში შექმნილი საკონსტიტუციო კომისიის არაფექტიური მუშაობის გამო გაჩნდა. ეს საზოგადოების დამაკავშირებელი და გამაერთიანებელი პროცესია და არა, ამ პროცესის გამყოფი. პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესა და ოპოზიციას კარგად უნდა ესმოდეთ, რომ როცა თანამდებობრივად რაიმე გადაწყვეტილებების მიღება ხელგეწიფება და მთელი ეს პროცესი უშედეგოდ ჩაივლის, შემდგომ იმ რეგულაციების გაკრიტიკება და ნეგატიურად წარმოჩენა უხერულია, რომელიც განხილული ქვეყნის მასშტაბით იყო და ამასთანავე, ვენეციის კომისიამ ცალსახად მოიწონა. ამ მოცემულობაში, ვინმეს მიმართ თითის გაშვერა უხერხულია, ახლა გვაქვს ასეთი ვითარება, მთელი ოპოზიციური ფლანგი არის კონსტიტუციურ ჩიხში“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, “შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესთან დაკავშირებით დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ჩემი ღრმა რწმენით, არსებობს კონსტიტუციური ჩიხიდან გამოსვლის ფორმულა, არსებობს საკითხები, რომელზე შეჯერებაც შესაძლებელია, არსებობს ვერსია პრეზიდენტის ვეტოსი, რომლის გაზიარება უმრავლესობას შეუძლია“, - განაცხადა უსუფაშვილმა.