ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიამ მუშაობა დაასრულა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიამ მუშაობა დაასრულა

ანდორა ლა ველაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია დასრულდა. პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ და ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი წერეთელმა სამი დღის განმავლობაში სესიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ და სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს.

საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობის პარალელურად, სოფიო ქაცარავა ხმელთაშუაზღვის ფორუმს და აბრეშუმის გზის ჯგუფის შეხვედრას დაესწრო და ანტიტერორისტული ქვეკომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, რომელზეც გლობალური უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს ჩართულობასა და მისი კონტრიბუციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დელეგაციის ხელმძღვანელის ინიციატივით და ორგანიზებით, ანდორაში სპეციალური ღონისძიება - „ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და უსაფრთხოების საკითხები გაიმართა", რომელსაც საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციების მხრიდან დადებითი შეფასება და გამოხმაურებები მოყვა. ანდორაში გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში სოფიო ქაცარავამ გერმანიის, ჩეხეთის და ბელგიის დელეგაციის წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა, რომელზეც სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობის თემებთან ერთად, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების მნიშვნელობა იქნა შეფასებული.

სოფიო ქაცარავა: „ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი და აქტუალური თემები განვიხილეთ, როგორიცაა კონფლიქტები, კიბერუსაფრთხოება, განათლება და კლიმატის ცვლილებები. ორმხრივი შეხვედრები გავმართეთ ეუთო-ს წევრი ქვეყნების დელეგაციებთან და  ვუმასპინძლეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას თემაზე „ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და უსაფრთხოება". მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ მონაწილე დელეგატების მხრიდან ჩვენი ღონისძიების მიმართ ძალიან დიდი ინტერესი იყო. მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მიმართულია საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდისა და საპარლამენტო დიპლომატიაში მნიშვნელოვანი როლის განმტკიცებისკენ. აღსანიშნავია, რომ ეუთოს ფარგლებში უკვე გარკვეულ ტრადიციად დავამკვიდრეთ მსგავსი კონფერენციების ჩატარება".

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ამ სესიაზე ჩვენ მოვახერხეთ მაქსიმალურად მიგვექცია ასამბლეის წევრების ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებზე. ეს ფაქტები ცნობილი უნდა იყოს მათთვის, ვინც დღეს ევროპაში პოლიტიკის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და ჩვენ მათ ვთხოვეთ ეს საკითხები მუდმივად იდგეს დღის წესრიგში", - განაცხადა საქართველოს დელეგაციის წევრმა გიორგი წერეთელმა საშემოდგომო სესიის შეფასებისას.